პესკოვი: უკრაინის იმ ოლქების კონტროლი გვსურს, რომელიც რუსეთად გამოვაცხადეთ

დმიტრი პესკოვის თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე რუსეთი ესწრაფვის სრულად გააკონტროლოს უკრაინის ის ოლქები, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე კრემლმა რუსეთად გამოაცხადა. 

ამის შესახებ ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

ჟურნალისტის კითხვაზე სურს თუ არა კრემლს უკრაინის ახალი ტერიტორიების ოკუპირება პესკოვი პასუხობს: "არა. ჩვენ უბრალოდ გვსურს სრულად გავაკონტროლოთ ტერიტორია, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაში რუსეთად არის მოხსენიებული."

ამასთანავე პესკოვი ამბობს, რომ ამ დროისთვის უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად წინაპირობები არ არსებობს - "განჭვრეტად მომავალში ჩვენ გავაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას."

კონტექსტი 

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიით და შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული მოძრაობის გაღვივებით დაიწყო. მალევე უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები ჩაერთნენ. 

ყირიმის მიღმა, უკრაინის 4 ოლქის ანექსია რუსეთმა გასული წლის შემოდგომაზე ამ რეგიონებში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის საფუძველზე მოახდინა. 

ამ დროისთვის რუსეთის არმია სრულად ვერ აკონტროლებს ვერცერთ ანექსირებულ ოლქს, მათ შორის ვერც ე.წ. დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებს.  

მსგავსი სიახლეები