FT: უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ აშშ უკრაინას დონბასიდან გასვლას თხოვს
ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას დონეცკის ოლქიდან ჯარების გაყვანას სთხოვს.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს.
- წყაროების ცნობით, უკრაინაში იმედი ჰქონდათ, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტს ხელს უახლოეს მომავალში მოაწერდნენ, თუმცა გასულ კვირებში ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია საგრძნობლად შეიცვალა.
- "ვაშინგტონის პოზიციონირება შეიცვალა და ახალი გზავნილია, რომ ამერიკის უსაფრთხოების გარანტიების მიღება დამოკიდებულია რუსეთთან შეთანხმებაზე"- ნათქვამია მასალაში.
- ვითარებაში გაცნობიერებული უკრაინელი და ევროპელი წყაროები გაზეთთან საუბარში თეთრი სახლის მიდგომას "უკრაინისთვის ხელის გადაგრეხვის" მცდელობად აფასებენ.
ჩაშლილად: დონეცკის ოლქიდან ჯარების გაყვანის სანაცვლოდ წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია კიევს უფრო მეტი და მრავალფეროვანი შეიარაღების გადაცემას ჰპირდება.
- "უკრაინა არანორმალური წნეხის ქვეშაა"- ამბობს გაზეთის ერთ-ერთი წყარო.
- პარალელურად წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია თითქმის არაფერს აკეთებს პუტინზე ზეწოლისთვის, რათა მან უარი თქვას ან შეამციროს მაქსიმალისტური მოთხოვნები.
მეორე მხარე: გაზეთის მიერ უსაფრთხოების გარანტიების პირობებთან დაკავშირებულ კითხვებს თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ, ანა კელიმ "სამარცხვინო" უწოდა.
- "ეს სრული სიყალბეა, აშშ-ს ერთადერთი როლი სამშვიდობო პროცესში მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეების დასმაა, რათა მათ შეძლონ მიაღწიონ გარიგებას"- ამბობს კელი.
დაეწიე ამბავს: გასულ კვირას დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიის დოკუმენტი თითქმის 100%-ით მზადაა.
- წყაროების ცნობით, უკრაინელ პრეზიდენტს იმედი ჰქონდა, რომ უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტთან ერთად ხელს მოაწერდა ეკონომიკური რეკონსტრუქციის ხელშეკრულებასაც, თუმცა ვაშინგტონის შეცვლილი პოზიციის გამო ეს არ მოხდა და უცნობია როდის მოხდება.
- "ისინი ამუხრუჭებენ ყოველ ჯერზე, როდესაც საუბარია უსაფრთხოების გარანტიებზე"- ამბობს გამოცემასთან საუბარში უკრაინელი ჩინოვნიკი.
- თავის მხრივ, დეკემბერში ამერიკელი მაღალჩინოსნები არაფორმალურ საუბრებში მიუთითებდნენ, რომ უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტის აღნიშნული ფორმით "მაგიდაზე უსასრულოდ არ დარჩებოდა" და დამოკიდებული იქნებოდა კიევის მზაობაზე მიეღო ტრამპის სამშვიდობო გეგმის პარამეტრები.
სტრიქონებს შორის: ტრამპის სამშვიდობო გეგმა თავდაპირველად დონბასში ე.წ. დემილიტარიზებული ზონის შექმნას ითვალისწინებდა, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული იქნებოდა როგორც რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია.
- მოსკოვში განაცხადეს, რომ მზად იქნებოდნენ უკრაინული ჯარებისგან დაცლილ დასახლებებში არა არამია, არამედ ეროვნული გვარდია შეეყვანათ, რომელიც არმიის მსგავსად პირველივე დღიდან მონაწილეობს სრულმასშტაბიან შეჭრაში.
- უკრაინელებისა და ევროპელების წინააღმდეგობის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ დონბასთან დაკავშირებით პოზიცია შეიცვალა და დემილიტარიზებული ზონის ნაცვლად თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა მოითხოვა, რომელშიც მონიტორინგს "ნეიტრალური ძალა" განახორციელებს.
- ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თანახმა იქნება თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზე მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს დასახლებები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიებად დარჩება და ასევე, რუსეთიც არმიაც იმავე მანძილით დაიხევს უკან, რა მანძილითაც ZSU.
დიდი სურათი: იმავე დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან გამგზავრებამდე წინა დღით ადრე, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ოპტიმიზმი გამოთქვა და განაცხადა, რომ შეთანხმების ბედი "ერთ საკითხამდე" დავიწროვდა.
- მაღალი ალბათობით, უიტკოფი ტერიტორიულ საკითხს გულისხმობდა, რაც აბუ-დაბიში დაწყებული მოლაპარაკებების ახალი სამმხრივი ფორმატის პირველი შეხვედრის მთავარი თემა გახდა.
- აბუ-დაბიში გამართული შეხვედრა, რომელიც სამივე მხარემ პოზიტიურად და კონსტრუქციულად შეაფასა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, თუმცა ფორმატის მეორე შეხვედრა მიმდინარე კვირაში უნდა გაიმართოს.
კონტექსტი: სხვადასხვა მონაცემებით, უკრაინის არმია ამ დროისთვის დონეცკის ოლქის დაახლოებით 20%-ს აკონტროლებს - ძირითადად საუბარია სლოვიანსკი-კრამატორსკი-დრუჟკივკა-კონსტანტინივკას აგლომერაციაზე.
- აგლომერაციას ხშირად "სიმაგრეების სარტყელსაც" უწოდებენ, რომელიც 2014 წლიდან კარგად გამაგრებული თავდაცვითი ფორტიფიკაციების ქსელს ქმნის და აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინის თავდაცვის მთავარ საყრდენს წარმოადგენს.
- უკრაინაში შიშობენ, რომ როგორც წარსულში არაერთხელ მომხდარა რუსეთი დაარღვევს სამშვიდობო შეთანხმებას და აღნიშნულ ტერიტორიას უკრაინის სიღრმეში შესაჭრელად გამოიყენებს, მით უფრო თუ უშუალოდ სამშვიდობო შეთანხმებამდე ვერ მიიღეს ამერიკის უსაფრთხოების გარანტიები.