პეტრეუსი: ბირთვული დარტყმის შემთხვევაში აშშ უკრაინაში რუსეთის ჯარს გაანადგურებს
ვლადიმირ პუტინის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებაზე აშშ-ს სავარაუდო პასუხი უკრაინაში მყოფი რუსული სამხედრო ნაწილებისა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის განადგურება იქნება.
ამის შესახებ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა დირექტორმა და ავღანეთსა და ერაყში სამხედრო მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, დევიდ პეტრეუსმა განაცხადა.
პეტრეუსის თქმით, რუსეთის მხრიდან ბირთვულ ესკალაციაზე პასუხთან დაკავშირებით მას არ ჰქონია კომუნიკაცია ჯო ბაიდენის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანთან, თუმცა სავარაუდო ზომების გამოკვეთა მაინც შესაძლებელია.
"უბრალოდ ჰიპოტეტური დაშვებისთვის - ჩვენ გავცემდით პასუხს ნატოს ფორმატში ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ გავანადგურებდით რუსეთის ყველა სამხედრო ნაწილს, რომელთა იდენტიფიცირებასაც უკრაინაში ბრძოლის ველზე შევძლებდით, მათ შორის ყირიმშიც და ზოგადად ყველა სამხედრო გემს შავ ზღვაში",- ამბობს პეტრეუსი.
ამავდროულად პეტრეუსი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნაბიჯები არ იქნება აღქმული როგორც ნატოს და აშშ-ს ჩართვა ომში, ვინაიდან უკრაინა არ არის ალიანსის წევრი, მასზე არ ვრცელდება ხელშეკრულების მეხუთე პუნქტი.
დევიდ პეტრეუსი ამბობს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში რადიაციული ტალღა შესაძლოა ნატოს წევრ სახელმწიფოებზეც გავრცელდას - "ეს შესაძლოა მეხუთე მუხლის ამოქმედების საფუძველი გახდას. ბირთვული იარაღის გამოყენება არ უნდა დარჩეს უპასუხოდ".
თადარიგის გენერალი ფრონტის ხაზზე შექმნილ ვითარებასაც აფასებს - "ვფიქრობ ბრძოლის ველზე შექმნილი მდგომარეობა პუტინისთვის შეუქცევადია - ვერანაირი მობილიზაცია, ვერანაირი ანექსია, ვერანაირი ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარები ვერ გამოიყვანს ვლადიმირ პუტინს შექმნილი მდგომარეობიდან".
დევიდ პეტრეუსის თქმით, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაც კი ფრონტზე ვერაფერს შეცვლის.