პევკური: ესტონეთი რუსეთის საზღვარზე თავდაცვითი ხაზის მშენებლობას გააგრძელებს
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადების მიუხედავად, რომ ის პოლონეთსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებზე თავდასხმას არ აპირებს, ესტონეთი რუსეთთან საზღვარზე თავდაცვითი ხაზის მშენებლობას მაინც გეგმავს.
„ჩვენ ჩვენს გეგმებს არ შევცვლით მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინმა ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა. გჯერათ ვლადიმირ პუტინის მას შემდეგ, რაც მან თქვა და როგორც იქცეოდა ის წლების განმავლობაში?“, - ჰანო პევკური.
შეგახსენებთ, რომ ტაკერ კარლსონთან ბოლო ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ ის პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე თავდასხმას არ განიხილავს, რადგან აღნიშნული სახელმწიფოები მას არ აინტერესებს.
თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ესტონეთი მზადყოფნას აძლიერებს და "ეს ის არის, რაც ყველამ უნდა გააკეთოს".
აღსანიშნავია, რომ რეგიონში სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ „ბალტიის თავდაცვის ხაზის“ მშენებლობაზე შეთანხმდნენ. ზემოაღნიშნული ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ხელშეკრულებას ხელი ქალაქ რიგაში მოაწერეს.
ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის წევრებს წარმოადგენდნენ, ამჟამად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროპის კავშირში არიან. გარდა ამისა, მჭიდრო მოკავშირეობას უწევენ უკრაინას, რომლის წინააღმდეგაც 2022 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციამ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.