პისტორიუსი: გერმანიამ უკრაინისთვის €100 მილიონის სამხედრო დახმარების გაგზავნა დაიწყო
უკრაინამ გერმანიიდან 100 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის მიღება დაიწყო, რომელიც მოიცავს სატრანსპორტო აღჭურვილობას და დრონების რაკეტებს.
ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
პისტორიუსის თქმით, დახმარების პაკეტი ბუნდესვერის გენერალურმა ინსპექტორმა კარსტენა ბრეიერმა გასულ კვირას, უკრაინაში ვიზიტის დროს გამოაცხადა, სადაც ის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ოლექსანდრ სირსკის შეხვდა.
პაკეტში, სხვა შეიარაღებასთან ერთად, შედის ნაღმების საწინააღმდეგო მანქანები (MRV), ბომბები მცირე დრონებისთვის, 77 მძიმე ამწევი სატვირთო მანქანა MULTI 1A1, სამედიცინო აღჭურვილობა და სათადარიგო ნაწილების ნაკრები სხვადასხვა იარაღისთვის.
"ეს იარაღი უკვე ადგილზეა ან მალე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ექნება. მინისტრის თქმით, ომის მესამე წელს მიწოდება და შეკეთება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე ადრე," - ნათქვამია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში.
პისტორიუსმა ასევე გაიხსენა, რომ გერმანიამ ბოლო დღეებში უკრაინას უკვე გადასცა დამატებით 155 მმ-იანი ჭურვები, გამნაღმველი მანქანები, საინჟინრო აღჭურვილობა და სადაზვერვო დრონები.
გარდა ამისა, გერმანიისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებმა 14 თებერვალს ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განვითარებისთვის "შესაძლებლობების კოალიციის" შექმნაზე.
მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერა სუსტდება.