პისტორიუსი: მომავალ კვირებში უკრაინა ათეულობით Leopard 1A5-ს მიიღებს
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში დანიასთან თანამშრომლობით უკრაინას Leopard 1A5-ის ტანკები გადაეცემა.
ეს განცხადება მან პოლონურ გაზეთ Rzeczpospolita-სთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, ხომ არ შეანელა გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარება, პისტორიუსმა აღნიშნა იმ გადაწყვეტილებების ისტორიული ბუნება, რომელიც ბერლინმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ მიიღო.
"გერმანია პირველად აწვდის იარაღს ომში მყოფ სახელმწიფოს! დღეს გერმანია უკრაინისთვის იარაღის მეორე ყველაზე დიდი მიმწოდებელია, თუ ვსაუბრობთ ევროკავშირის ფარგლებში ან პირდაპირ ფინანსურ დახმარებაზე," - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
პისტორიუსმა ასევე გაიხსენა გერმანიის მონაწილეობა უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნაში და ქვეყნის ისტორიაში პირველი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიღება.
"გერმანიისა და დანიის ათობით Leopard 1A5-ის საბრძოლო ტანკი უახლოეს კვირებში უკრაინაში ჩავა," - თქვა მან.
ამასთანავე, მან გაიხსენა უკრაინის სამხედრო დახმარების 2.7 მილიარდი ევროს ღრებულების პაკეტი, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T SLM-ს.
გერმანიამ და დანიამ ჯერ კიდევ თებერვალში გამოაცხადეს უკრაინისთვის ათობით Leopard 1-ის ტანკის მიწოდების შესახებ.