პისტორიუსს გერმანიაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენა სურს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აპირებს მნიშვნელოვნად გაზარდოს ბუნდესვერის პერსონალის რაოდენობა, გერმანიაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ახალი მოდელის დახმარებით.
ამის შესახებ გეგმა მან ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტს ოთხშაბათს, 12 ივნისს წარუდგინა.
პისტორიუსმა დეპუტატებს აქტიური სამხედრო სამსახურის ექვსი თვის ვადით შემოღება შესთავაზა, მისი ნებაყოფლობით გაგრძელების შესაძლებლობით.
მინისტრი სამხედრო სამსახურში ვარგისიანთა სამხედრო აღრიცხვის აღდგენასაც გეგმავს. გარდა ამისა, შემოთავაზებულია კითხვარების გაგზავნა 18 წლის მოქალაქეებისთვის, რათა გაირკვეს მზად არიან თუ არა სამხედრო სამსახურისთვის. მოსალოდნელია, რომ ასეთი კითხვარები 400 000 ადამიანს გაეგზავნება, რის შემდეგაც 40 ათასი მათგანს ბანაკებში გაიწვევენ.
"ამ ნაბიჯების მიზანია თავდაცვის რეზერვის გაზრდა და გაძლიერება," - ციტირებს AFP მინისტრს. გრძელვადიანი მიზანია ბუნდესვერის პერსონალის გაზრდა 460 000 ჯარისკაცამდე, 203 000 აქტიური მოვალეობის შემსრულებელი და დანარჩენი რეზერვში.
ამჟამად ბუნდესვერში დაახლოებით 181 000 ჯარისკაცი მსახურობს.
სავალდებულო სამხედრო სამსახური გერმანიაში 13 წლის წინ, 2011 წელს - შემოღებიდან 55 წლის შემდეგ გაუქმდა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა თანამდებობის დაკავებიდან მალევე ამ გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა, რომლის სწრაფად გამოსწორება შეუძლებელია.