პოდოლიაკი: რუსეთის საზღვრისპირა ოლქებში პანიკური განწყობები გაიზრდება
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ბოლო დღეებში რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარ შემთხვევებზე და სავარაუდოდ უკრაინის შეტევებზე ისაუბრა.
პოდოლიაკის თქმით, ომი ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და გასაკვირი არ არის, რომ ის ეტაპობრივად უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდეს.
"იქ [უკრაინასთან მოსაზღვრე რუსეთის ოლქებში] მკვეთრად გაიზრდება პანიკური განწყობები. იქნება კონფლიქტური სიტუაციები, იქ აფეთქდება საწყობები და ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში მხოლოდ გაღრმავდება. გაგრძელდება რუსეთის და განსაკუთრებით უკრაინასთან მოსაზღვრე ოლქების დემილიტარიზაციის ინტენსივობა", - ამბობს მიხაილო პოდოლიაკი.
პოდოლიაკის განმარტებით საომარი მოქმედებების ამგვარი განვითარება სრულიად სამართლიანი და ლოგიკურია და უკრაინის წარმატებულმა კონტრ-შეტევებმა უნდა დააფიქროს რუსეთის მოსახლეობა იმაზე თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში ბოლო 60 დღის განმავლობაში.
27 აპრილს ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა პირდაპირ ჩართვაში განაცხადა, რომ დილით აფეთქების მსგავსმა ხმამ გააღვიძა. მალევე გაირკვა, რომ ბელგოროდის რაიონში ნავთობ ტერმინალი იწვოდა.
აფეთქებების ამსახველი კადრები ვრცელდებოდა უკრაინასთან მოსაზღვრე კიდევ ერთ, ამჯერად კურსკის ოლქში. აფეთქებები დააფიქსირეს ვორონეჟის შემოგარენში.
26 აპრილს რუსეთის სამინისტრო კიდევ ერთხელ დაიმუქრა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების გაგრძელების შემთხვევაში სარაკეტო შეტევას მიიტანდნენ კიევზე, კერძოდ "გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე".