პოლონეთი უკრაინელების F-16-ზე მომზადების ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს

პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა სამშაბათს განაცხადა, რომ ე.წ. "გამანადგურებლების კოალიციის" ფარგლებში, უკრაინელი მფრინავების F-16-ზე მომზადებისთვის პოლონური მხარე ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს.

უკრაინელების F-16-ის გამანადგურებლებზე წვრთნების დაწყების შესახებ ვილნიუსში ნატოს სამიტის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმების კომენტირებისას, ბლაშჩაკმა დანიას და ნიდერლანდებს "ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის წამოწყებისა და კოორდინაციისთვის" მადლობა გადაუხადა.

"ეს არის ჩვენი გადაწყვეტილების კიდევ ერთი დადასტურება, რომ უკრაინას რუსეთის სასტიკი შემოჭრის წინააღმდეგ მხარი დავუჭიროთ. ჩემი მხრივ, მე გპირდებით მხარდაჭერას ჩვენს სასწავლო ინფრასტრუქტურასა და კურსებზე წვდომის გახსნით," - აღნიშნა მან.

ვილნიუსში ნატოს სამიტის ფარგლებში 11 სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, "გამანადგურებლების კოალიცია" აგვისტოში დანიაში F-16-ებზე უკრაინელი მფრინავების მომზადებას დაიწყებს.

დასაწყისისთვის იგეგმება ორი ჯგუფის მომზადება. ეს არის მხოლოდ 30-40 ადამიანი, მათ შორის 10-12 პილოტი და დამხმარე პერსონალი, რომელიც თვითმფრინავს მოემსახურება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა დააზუსტა, რომ სწავლების შედეგებს ექვს თვეში ელოდება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუმინეთში მფრინავების მომზადების ცენტრს შექმნიან F-16-ების გასაკონტროლებლად, რომლითაც ნატოს წევრები და უკრაინა ისარგებლებს.

მსგავსი სიახლეები