პოლონეთი: უკრაინისთვის ტანკების დონორთა საერთაშორისო კოალიციას ვქმნით
პოლონეთმა დაიწყო ქვეყნების კოალიციის შექმნა, რომლებიც უკრაინას თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით დაეხმარებიან. ამის შესახებ 27 იანვარს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა Twitter-ზე განაცხადა.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა არ დაასახელა კონკრეტული ქვეყნები, თუმცა განაცხადა, რომ საუბარია Leopard 2A4-ზე.
"ჩემი ინიციატივით, ჩვენ გავმართეთ მოლაპარაკებები იმ ქვეყნებთან, რომლებსაც Leopard 2A4 ტანკები აქვთ, რათა ერთობლივად შევქმნათ უკრაინისთვის თანამედროვე ჯავშანტექნიკის დონორთა კოალიცია", - წერს ბლაშჩაკი.
დღესვე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ CTV News-ს განუცხადა, რომ პოლონეთი ემზადება უკრაინისთვის 60 მოდერნიზებული ტანკის გადასაცემად, რომელთაგან ნახევარი მოდიფიცირებული T-72 იქნება, ასევე 14 Leopard 2.
მან აღნიშნა, რომ პოლონეთი ცდილობს სხვა ქვეყნებისთვის მაგალითის მიცემას და გასულ წელს პირველმა გაუგზავნა უკრაინას 250 ტანკი.