პოლონეთის ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს კოალიციურ შეთანხმებას
პოლონეთში სამმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, „სამოქალაქო პლატფორმამ“, „მესამე გზამ“ და „მემარცხენეებმა“ კოალიციურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
საპარლამენტო არჩევნები პოლონეთში 15 ოქტომბერს ჩატარდა, რომელშიც ხმების უმრავლესობა, 35.4% (194 მანდატი) მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ „კანონმა და სამართალმა - PiS“ მოიპოვა.
გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობის ფორმირებისთვის პოლონეთის 460 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში მინიმუმ 231 მანდატის ფლობაა საჭირო, „კანონი და სამართალი - PiS“ დამოუკიდებლად მთავრობის ჩამოყალიბებას ვერ ახერხებს.
„კანონი და სამართალი“ 2001 წელს ლეხ და იაროსლავ კაჩინსკების მიერ შექმნილი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ბოლო 8 წელია პოლონეთის ხელისუფლების სათავეში იმყოფება. აღნიშნულ გაერთიანებას პოლონეთში კანონის უზენაესობის აღმოფხვრის, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ზეწოლის, მედია დამოუკიდებლობის შეზღუდვის, ლგბტ+ თემის მიმართ დამოკიდებულების, დემოკრატიის პრინციპების ხელყოფის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ადამიანის უფლებების დარღვევის და ა.შ. და ა.შ. გამო, წლებია აკრიტიკებენ.
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა, პირველ რიგში, თანაპარტიელებს მისცა. თუ მატეუშ მორავიეცკი სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებს წარუმატებლად დაასრულებს და უმრავლესობას ვერ შექმნის, მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერს და 2007-2014 წლებში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს მიეცემა.
„სამოქალაქო პლატფორმას“, მესამე გზას“ და „მემარცხენეებს“, რომლებმაც 10 ნოემბერს ხელი კოალიციურ შეთანხმებას მოაწერეს, ჯამში 248 საპარლამენტო მანდატი აქვთ.
”ჩვენ მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა პოლონეთზე მომავალ წლებში,” - დონალდ ტუსკი.
შეთანხმების ტექსტის მიხედვით, რუსეთის უკრაინის მიმართ არსებული აგრესიით გამოწვეული უპრეცედენტო საფრთხის წინაშე, პოლონეთი პრიორიტეტს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს მიანიჭებს.
პრო-ევროპული კოალიცია აქტიურად იმუშავებს შემდეგ მიმართულებებზე: კანონის უზენაესობის აღდეგნა, მთავრობის გამჭვირვალე დაფინანსება, კლიმატის კრიზისის მოგვარება, მედიის დეპოლიტიზირება, სიძულვილის ენის აღმოფხვრა და ქალთა უფლებების გაუმჯობესება.