პოლონეთის პრემიერი ვაშინგტონს ეწვევა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი სამშაბათს შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ვიზიტი ორი ქვეყნის ეკონომიკური და თავდაცვითი თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ Associated Press წერს.
მორავიეცკი სამშაბათს თეთრ სახლში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს შეხვდება. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ამერიკული თავდაცვითი კომპანიების წარმომადგენლებთან.
"მივფრინავ შეერთებულ შტატებში, რათა გავაძლიერო ალიანსი ჩვენს ყველაზე ძლიერ მოკავშირესთან, ქვეყანასთან, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, განსაკუთრებით ევროპის ჩვენს ნაწილში", - თქვა მორავიეცკიმ.
გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა პოლონეთში თავისი სამხედრო წარმომადგენლობა გაზარდა. პოლონეთი უკრაინისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის სატრანზიტო ქვეყანაა.
გარდა ამისა, პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სამხედრო დონორია. რუსეთთან საბრძოლველად უკრაინამ პოლონეთისგან ასობით ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი, ასევე სხვა აღჭურვილობა და გამანადგურებლები მიიღო.
ამასთანავე, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების პროცესში, პოლონეთი ატომური ელექტროსადგურების აშენებას გეგმავს და ამ მიმართულებით მისი მთავარი პარტნიორი ამერიკაა.
ვარშავიდან გამგზავრებამდე, მორავიეცკიმ აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლონეთ-ამერიკის ურთიერთობები "დიდი ხანია ასე კარგი არ ყოფილა და, შესაძლოა, არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი."
მისი თქმით, აშშ-ს თავდაცვის ინდუსტრიასთან მოლაპარაკებებზე უნდა განიხილონ მილიარდობით დოლარის მიმდინარე და დაგეგმილი შესყიდვების დაფინანსება.