პოლონეთის პრეზიდენტმა ვეტო დაადო მედიის შესახებ სადავო კანონს

 

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ვეტო დაადო მედიის შესახებ კანონს, რომელიც უცხოურ კომპანიებს პოლონური მედია-საშუალებების ფლობას უზღუდავდა.

ოპოზიციური ძალები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ამ გზით მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის, TVN24-ის შევიწროება სურს, რომელსაც ამერიკული მედია-ჰოლდინგი Discovery ფლობს.

პრეზიდენტმა დუდამ, რომელიც მმართველი პარტიის მხარდაჭერით სარგებლობს, განაცხადა, რომ კანონი წინააღმდეგობრივი იყო „მედია-პლურალიზმის და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით“.

პოლონეთის მთავრობის თანახმად, კანონპროექტი „მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნების გავლენის შესაზღუდად“ მიიღეს.

პოლონეთში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დუდას ნაბიჯი მოუწონა „გამოჩენილი ლიდერობის და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულების გამო“.

 


TVN ჯგუფი, რომელიც TVN24-ს აკონტროლებს, პოლონეთის მმართველი ძალის - კანონის და სამართლიანობის პარტიის - მიმართ კრიტიკით გამოირჩევა.

ცოტა ხნის წინ კანონპროექტის გასაპროტესტებლად პოლონეთის ქალაქებში მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა.

მსგავსი სიახლეები