პოლონეთმა უკრაინას რამდენიმე გამანადგურებელი უკვე გადასცა

პოლონეთმა უკრაინას "რამდენიმე" გამანადგურებელი MiG-29 უკვე მიაწოდა. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო საქმეთა საკითხებში მარკინ პრჟიდაჩმა ორშაბათს, პოლონურ რადიო RMF FM-თან ინტერვიუში განაცხადა.

პოლონეთმა 16 მარტს გამოაცხადა, რომ უკრაინას იმ თვითმფრინავებს გადასცემს, რომლებიც ქვეყნის საჰაერო ძალებს უნდა გამოეყენებინათ.

"როცა საქმე ეხება MiG-29-ებს, რომლებიც ჯერ კიდევ ოპერირებენ პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვაში, გადაწყვეტილება მიღებულია უმაღლეს დონეზე, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ჩვენ MiG-ებს უკრაინას გადავცემთ", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ. 

"ჩვენ გვყავს დაახლოებით რამდენიმე ათეული MiG, რომლებიც 90-იან წლებში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან მივიღეთ, ისინი ფუნქციონირებენ და ჩვენი საჰაერო სივრცის დაცვაში მონაწილეობენ." - აღნიშნა მან.

"ჩვენ მათ ჩავანაცვლებთ სამხრეთ კორეული FA-50-ებითა და ამერიკული F-35-ებით", - თქვა დუდამ.

უკრაინა დიდი ხანია მოკავშირეებისგან მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას ითხოვს.

პოლონეთმა და სლოვაკეთმა უკვე განაცხადეს, რომ უკრაინას საბჭოთა წარმოების გამანადგურებლებს გადასცემენ.

მსგავსი სიახლეები