პოლონეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების იმპორტი აკრძალა

პოლონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აკრძალოს უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი. შესაბამისი ბრძანება პოლონეთის განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ვალდემარ ბუდამ გამოაქვეყნა.

"მინისტრთა საბჭოს პირდაპირი გადაწყვეტილებით, მე ახლახან მოვაწერე ხელი ბრძანებას უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვის შესახებ", - წერს ბუდა ტვიტერზე და დოკუმენტს აქვეყნებს.

აკრძალული პროდუქციის სიაში შედის მარცვლეული, რძე, კვერცხი და ფრინველის ხორცი.

პოლონეთის მმართველი პარტიის, "კანონი და სამართლიანობოს" ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ შაბათს გამართულ ყრილობაზე გამოაცხადა უკრაინიდან პოლონეთში მარცვლეულისა და ათეულობით სხვა სახის საკვების იმპორტის აკრძალვა. "მარცვლეულიდან თაფლამდე", - თქვა მან.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინისა და პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრები ორშაბათს პოლონეთის ტერიტორიაზე შეხვდებიან, რათა ხელი მოაწერონ შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის შემდგომი ექსპორტის შესახებ, რაც პოლონელ ფერმერებში მნიშვნელოვან უკმაყოფილებას იწვევს.

მარცვლეულის შესახებ პოლონეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.

პოლონელ ფერმერებში საპროტესტო განწყობების ზრდის ფონზე, ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი გადადგა. მისი თქმით, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ევროკომისიამ არ შეასრულა პოლონელი ფერმერების ძირითადი მოთხოვნა უკრაინულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე გადასახადების დაწესების შესახებ და შეთანხმება უკრაინიდან საქონლის უბაჟო იმპორტზე კიდევ ერთი წლით, 2024 წლის 5 ივნისამდე გააგრძელა.

უკრაინული პროდუქციის ევროკავშირში გადასახადების გარეშე შესვლის გამო, პოლონური პროდუქცია მას კონკურენციას ვერ უწევს.

16 აპრილს, პოლონეთის მსგავსი გადაწყვეტილება უნგრეთმაც მიიღო.

მსგავსი სიახლეები