პოლონეთში მარკ მილისა და ვალერი ზალუჟნის პირველი შეხვედრა გაიმართა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი პოლონეთში აშშ-ს მეთაურების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს, მარკ მილის შეხვდა. ეს კოლეგების პირველი შეხვედრა იყო. 

"გენერალ მილის გადავუხადე მადლობა ურყევი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, რომელიც აშშ-მ და მოკავშირეებმა გაგვიწიეს. მოვხაზე ჩვენი არმიის საჭიროებები, რომელთა დაკმაყოფილებაც დააჩქარებს ჩვენს გამარჯვებას",- წერს ვალერი ზალუჟნი. 

კონტექსტი 

ომის დაწყების შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჯარების მთავარსარდალმა უკრაინის ტერიტორია დატოვა. თავის მხრივ მილისა და ზალუჟნის შორის სატელეფონო კონტაქტი პრაქტიკულად ყოველთვიურად იმართება, თუმცა ფიზიკურად კოლეგები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. 

გენერალ მილის პრესსპიკერის თქმით, თავდაპირველად მილისა და ზალუჟნის შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს ფორმატში იგეგმებოდა, თუმცა გასაგები გახდა, რომ ზალუჟნი ბელგიაში გამგზავრებას ვერ შეძლებდა, რის შემდეგაც შეხვედრისთვის პოლონეთის აღმოსავლეთში მდებარე ერთ-ერთი სამხედრო ბაზა შეირჩა. მილის ოფისის ცნობით, შეხვედრა რამდენიმე საათი გრძელდებოდა. 

შეხვედრა განსაკუთრებით საყურადღებო მომენტში შედგა - როდესაც დასავლეთი ზრდის უკრაინის სამხედრო დახმარებას და მათ შორის ისეთ შეიარაღებას აწვდის, რომლის გადაცემისგანაც ამ დრომდე თავს იკავებდა. 

შეხვედრა საყურადღებოა რამშტაინის სახელით ცნობილი უკრაინის თავდაცვის ჯგუფის მორიგი შეხვედრის კონტექსტშიც, რომელიც 20 იანვარს უნდა გაიმართოს. ამერიკული პრესის ინფორმაცით, გენერალმა მილიმ 16 იანვარს გერმანიაში ის სამხედრო ბაზა მოინახულა, რომელზეც უკრაინელ სამხედროებს წვრთნიან. 

მსგავსი სიახლეები