პოლონეთში ზელენსკის ვიზიტის მთავარი საკითხი უსაფრთხოება იქნება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა. ეს ინფორმაცია მისმა პრესმდივანმა სერჰი ნიკიფოროვმა 5 აპრილის, დილით, ეროვნული ტელემარათონის ეთერში დაადასტურა.

"პრეზიდენტი პოლონეთში იმყოფება. მან ოფიციალური ვიზიტი უკრაინის პირველ ლედისთან ერთად დაიწყო. შემიძლია ვთქვა, რომ ის შეხვდება პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას, პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის. ასევე იქნება სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები." - განაცხადა ნიკიფოროვმა.

მისივე თქმით, 5 აპრილის, საღამოს უკრაინის ლიდერის დიდი გამოსვლა იგეგმება პოლონელებისა და უკრაინელებისთვის.

"და რაც მთავარია, საღამოს პრეზიდენტის დიდი გამოსვლა იქნება პოლონელებისთვის და უკრაინელებისთვის, რომლებიც მუდმივად ან დროებით პოლონეთში იმყოფებიან. ეს ნამდვილად არის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი პოლონეთში, რადგან სხვა დროს პოლონეთის გავლით სხვა ქვეყნებში მივდიოდით. ომის დაწყების შემდეგ პირველად მივდივართ პოლონეთში მიზანმიმართულად", - განაცხადა ზელენსკის სპიკერმა.

ნიკიფოროვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკების მთავარი თემა უსაფრთხოების საკითხები იქნება.

"თავდაცვა იქნება უპირველეს ყოვლისა, ეს აბსოლუტურად აშკარაა. ჩვენ ვისაუბრებთ თავდაცვაზე, ეკონომიკაზე, ვისაუბრებთ საზღვარზე გადაადგილებაზე, კერძოდ, სარკინიგზო კომუნიკაციებზე, საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობების გაფართოებაზე. ბევრს ვისაუბრებთ. ეკონომიკის შესახებ, როგორც სახელმწიფო დონეზე, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრაზე, ვისაუბრებთ ჩვენს ევროპულ მომავალზე, სანქციებზე - ძალიან ბევრ თემაზე", - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები