პომპეო: პუტინმა უნდა იგრძნოს, რომ ამერიკის იგნორირება არ შეიძლება
მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში აზრთა სხვადასხვაობაა უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, აშშ გააგრძელებს უკრაინელების დახმარებას. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ Європейська правда-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ეს არის ამერიკა, არსებობს ბევრი განსხვავებული მოსაზრება ნებისმიერ საკითხზე. მათ შორის საგარეო პოლიტიკაზე. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მთელ მსოფლიოს შეუძლია დაადასტუროს, რომ შეერთებული შტატები ლიდერობს - და დარწმუნებული ვარ, გააგრძელებს წამყვანი როლის შესრულებას პუტინთან წინააღმდეგობის ძალისხმევაში. ჩვენ გვესმის, რომ ეს მნიშვნელოვანია. და მიუხედავად იმისა, რომ მოსაზრებები განსხვავებულია, ამერიკელთა აბსოლუტურ უმრავლესობას ესმის, რომ შეერთებული შტატების ინტერესშია ევროპაში ისეთი ტირანები არ შეიჭრან, როგორიც პუტინია", - თქვა პომპეომ.
მისი თქმით, უკრაინელებმა არ უნდა ინერვიულონ იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 2024 წელს.
"მე მჯერა, რომ ამერიკელი ამომრჩევლები ამ მიდგომის მომხრენი არიან და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს ასევე სჯერათ, რომ აშშ უნდა იყოს საკმარისად ძლიერი, რათა ისეთი "ცუდი ბიჭები" მსოფლიო მოთამაშეებს შორის, როგორიცაა ვლადიმერ პუტინი, ამერიკის ძალაში დაარწმუნოს. ამიტომ, ჩვენ, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად, შევაკავებთ არა მხოლოდ პუტინს, არამედ მის მსგავსებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ, ვინც დაიწყეს იმის განცდა, რომ ამერიკის იგნორირება შეიძლება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ზუსტად ის, რაც ამერიკელ ამომრჩევლებს სურთ", - განაცხადა პომპეომ.
მან აღნიშნა, რომ თუ უკრაინის ხელისუფლება გააგრძელებს "სუვერენიტეტისთვის ბრძოლის მზადყოფნის დემონსტრირებას", მაშინ უკრაინის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში შენარჩუნდება.