პრიგოჟინმა აჯანყება მხარდაჭერის არარსებობის გამო შეწყვიტა - Spiegel
გერმანიის მთავრობა ვარაუდობს, რომ ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა მოსკოვზე მარში შეაჩერა, რადგან მოსალოდნელი მხარდაჭერა ვერ მიიღო.
ეს ინფორმაცია გერმანული გამოცემა Spiegel-ისთვის გახდა ცნობილი.
გამოცემის ცნობით, შაბათს საღამოს გერმანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტრომ ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებს მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ზეპირ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა ფედერალური ოფისის პოლიტიკურმა დირექტორმა ტერვენ ბელმანმა და თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა ზიმტე მელერმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ვაგნერის ლიდერმა პრიგოჟინმა ვერ მიიღო ის მხარდაჭერა, რასაც იმედოვნებდა გადატრიალების მცდელობის დროს რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა ფრთისგან, ამიტომ შეჩერდა მისი მარში მოსკოვზე.
მთავრობის წარმომადგენლებმა სატელეფონო საუბრისას ვერ ისაუბრეს კრემლსა და პრიგოჟინს შორის შეთანხმების შინაარსის, ასევე პუტინის, თავდაცვის მინისტრ შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვის ადგილმდებარეობის შესახებ.
გამოცემის ცნობით, საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტები კვირის დასაწყისში საგანგებო სხდომაზე უნდა შეიკრიბონ და ამ თემაზე იმსჯელონ.
------
ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს შორის დაძაბულობამ პიკს 23 ივნისს მიაღწია, როდესაც ვაგნერის ლიდერმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ვაგნერის მებრძოლების დაბომბვაში დასდო ბრალი.
აღნიშნულის შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ იგი სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის მოსაძებნად მიდიოდა, რა მიზნითაც, საკუთარი სამხედროები დონის მიმართულებით დაძრა.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების, FSB-ს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების შეფასებით, ევგენი პრიგოჟინის გადაწყვეტილება, სამოქალაქო დაპირისპირებისა და ხელისუფლების გადატრიალებას გულისხმობს და ვაგნერელებს შეჩერებისკენ მოუწოდეს.
24 ივნისს განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინმა. მიუხედავად იმისა, რომ მას ვაგნერი არ დაუსახელებია, ღიად ისაუბრა ღალატზე და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯაზე.
24 ივნისს, საღამოს, ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკას შუამდგომლობით პრიგოჟინსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა და ვაგნერის ლიდერმა განაცხადა, რომ მისი მებრძოლები საველე ბანაკებში დაბრუნდებიან.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინი ბელორუსში წავა და მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები შეწყდება.