პრიგოჟინმა შოიგუს ულტიმატუმი წაუყენა და თქვა, რომ რუსული არმია გარბის

"ვაგნერის" ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსული არმია ბახმუტში პოზიციებიდან გაიქცა და ფრონტის ერთ-ერთი ფლანგი მიატოვა, რომელიც დაცვაც ვაგნერელებს მოუხდათ. მან ულტიმატუმი წაუყენა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს, რომ თუ მის დაქირავებულებს საბრძოლო მასალას არ მისცემენ, "ვაგნერი" პოზიციებს მიატოვებს.

მის ვიდეომიმართვას პრიგოჟინის პრესსამსახური ავრცელებს.

"ჩვენ მივიღეთ ბრძანება, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ პოზიციებს დავტოვებთ, ეს ღალატად იქნება აღიარებული. ეს, პირველ რიგში, ჩვენთვის მომართვა იყო. თუ საბრძოლო მასალა არ იქნება, მაშინ დავტოვებთ პოზიციებს...

ჩვენში ბრძოლის ნაცვლად მუდმივად ინტრიგები ტრიალებს. თავდაცვის სამინისტროს ნაცვლად ინტრიგების სამინისტრო გვაქვს, ამიტომ ჩვენი ჯარი გარბის. გარბის, რადგან 72-ე ბრიგადამ დღეს სამი კვადრატული კილომეტრი დაკარგა, სადაც 500-მდე მებრძოლი დამეღუპა, რადგან ეს იყო სტრატეგიული პლაცდარმი." - აღნიშნა პრიგოჟინმა.

მისი თქმით, დაპირებული საბრძოლო მასალისა და სერგეი სუროვიკინის დანიშვნის მიუხედავად, ცვლილებები თითქმის არ მომხდარა.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "ვაგნერელებს" მოთხოვნილი საბრძოლო მასალის მხოლოდ 10% დაურიგეს: "მოგვატყუეს". ის ირწმუნება, რომ რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა პირადად შეამცირა იმ იარაღის რაოდენობა, რომლის გამოყოფაც სურდათ.

ამავდროულად, "ვაგნერის" ლიდრმა განაცხადა, რომ მისი დაქირავებული ჯარისკაცები აუცილებლად დარჩებიან ბახმუტის მიმართულებით კიდევ რამდენიმე დღე: "ჩვენ ვიბრძოლებთ, შემდეგ კი გავარკვევთ."

მან აღნიშნა, რომ სუროვიკინი მუდმივად შეხვედრებზეა და მას ვერ უკავშირდება. მიუხედავად ამისა, პრიგოჟინი მიესალმება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და "ვაგნერს" შორის შუამავლად მისი დანიშვნის ფაქტს.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პოზიციებიდან გაქცევაში რუსი სამხედროები არ არიან დამნაშავე, რადგან "თევზი თავიდან ლპება" და ვინც მათ ეს დავალება მისცა, დამნაშავეა.

ის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას "სულელებად" თვლის, ხოლო დავალებებს, რომლებიც იქიდან გენერლებს და უშუალოდ სამხედროებს აძლევენ, "დანაშაულებრივად": "არის დანაშაული, რომელსაც რუსი ხალხის განადგურება ჰქვია - სახელმწიფო ღალატი."

მსგავსი სიახლეები