პრიგოჟინმა თქვა, რომ ზელენსკის შესახვედრად "ბახმუტთან მივარდა"
რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მას სურდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედროდა, რომელიც 20 დეკემბერს დონეცკის რეგიონში, ბახმუტში იმყოფებოდა.
მის განცხადებას პრიგოჟინის პრესსამსახური ავრცელებს.
"ძვირფასო ვლადიმერ ალექსანდრეს ძევ, თუ ჯერ არ წასულხართ ბახმუტიდან, მე მზად ვარ შეგხვდეთ", - თქვა პრიგოჟინმა.
"ვაგნერის" დამფუძნებლის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, ერთ-ერთ მათგანში პრიგოჟინი ამბობს, რომ როდესაც მას უთხრეს, რომ "ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ზელენსკი ჩამოვიდა", ის "სწრაფად მივარდა ბახმუტთან".
"ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს შეგხვდეთ." - განაცხადა პრიგოჟინმა.
20 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა, რომელიც ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება.
"ბახმუტის ციხესიმაგრე. ჩვენი ხალხი. მტრისგან დაუმარცხებელი. რომლებმაც, თავიანთი სიმამაცით დაამტკიცეს, რომ ჩვენ გავუძლებთ და არ დავთმობთ იმას, რაც ჩვენია. უკრაინა თქვენით ამაყობს. მე თქვენით ვამაყობ! გმადლობთ მტრის თავდასხმების მოგერიებისას გამოვლენილი გამბედაობის, გამძლეობისა და სიმტკიცისთვის." - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.