პროკოპენკო: ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას, ომში ჩვენს სათქმელს აუცილებლად ვიტყვით

უკრაინაში დაბრუნებული აზოვსტალის დამცველთა მეთაურები პირობას დებენ, რომ ისევ ფრონტზე წავლენ და ბრძოლაში თავიანთ სათქმელს იტყვიან.

ამის შესახებ აზოვის პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ ლვივში, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

"მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჯარი არის გუნდური მუშაობა და დღეიდან ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას, აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სათქმელს ბრძოლაში.

რაც მთავარია, უკრაინის არმიამ ფრონტის ხაზზე სტრატეგიული ინიციატივა მოიპოვა და ყოველდღე წინ მივდივართ, ვანადგურებთ მტერს, ვათავისუფლებთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, შესაძლებელს და შეუძლებელს, რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ და ომი თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს." - აღნიშნა აზოვის მეთარუმა.

კითხვაზე, დაბრუნდებიან თუ არა ისინი ფრონტზე, პროკოპენკომ უპასუხა: "რა თქმა უნდა. ჩვენ ამისათვის დავბრუნდით უკრაინაში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი."

თავის მხრივ, აზოვის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა, რომელიც თურქეთში ყოფნას აღწერდა, ლესია უკრაინკას ლექსის პერიფრაზირება გააკეთა: "ჩვენ პარალიზებულები ვართ გაბრწყინებული თვალებით, სულით ძლიერები, სუსტი ნებისყოფით. ჩვენს უკან არწივის ფრთები იზრდება, მაგრამ თურქეთის მიწაზე ხელბორკილებით ვიყავით მიბმული."

"ჩვენ დავბრუნდით და ვაგრძელებთ ჩვენი საქმის კეთებას. სამხედროები ვართ, ფიცი გვაქვს ნათქვამი." - აღნიშნა პალამარმა.

კონტექსტი

შაბათს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აზოვსტალს დამცველი მეთაურები, თურქეთიდან უკრაინაში ბრუნდებიან.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განმარტა, რომ აზოვსტალის დაცვის ხუთი მეთაური თურქეთთან მოლაპარაკების შედეგად, შაბათს უკრაინაში დაბრუნდა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უკრაინა და თურქეთი, ხუთი მეთაურის სამშობლოში დაბრუნების გამო, შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა.

შაბათს საღამოს ზელენსკი სამშობლოში დაბრუნებულ სამხედროებთან ერთად ლვივში ჩავიდა.

მსგავსი სიახლეები