პუტინი აცხადებს, რომ სპუტნიკით აიცრა და რუსებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს რუსებს მოუწოდა ვაქცინა გაიკეთონ. ასევე მან საჯაროდ პირველად თქვა, რომ Sputnik V-ის ვაქცინით აიცრა.
განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა პირდაპირ სატელევიზიო მიმართვაში გააკეთა.
პუტინი აპრილში აიცრა, თუმცა აქამდე უცნობი იყო რომელი ვაქცინა გაიკეთა.
“მე ვფიქრობდი, რომ მჭირდებოდა მაქსიმალურად ხანგრძლივი დაცულობა. ასე რომ მე ავირჩიე Sputnik V-ით აცრა. სამხედროები იცრებიან Sputnik V-ით და მე მათი უმაღლესი მთავარსარდალი ვარ”, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა იმაზეც ისაუბრა, რომ რუსული ვაქცინები უსაფრთხოა და დასავლური ვაქცინები გააკრიტიკა.
“როგორც ხედავთ, ყველაფერი წესრიგშია და ღვთის წყალობით ჩვენ არ გვაქვს ისეთი ტრაგიკული შემთხვევები, როგორიც იყო AstraZeneca-ს ან Pfizer-ის შემთხვევაში”, - თქვა პუტინმა.
რუსეთში სულ 23 მილიონი ადამიანი აიცრა.