პუტინის თქმით, რუსული ბირთვული იარაღი ბელორუსში ამ ზაფხულს იქნება
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 ივნისს, სოჭში, ალექსანდრ ლუკაშენკასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბელორუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსება ივლისში დაიწყება.
მისი თქმით, 7-8 ივლისს მთავრდება ბირთვული არსენალის განთავსებისთვის საჭირო შეიარაღების მომზადება.
"და ჩვენ დაუყოვნებლივ მივიღებთ ზომებს თქვენს ტერიტორიაზე შესაბამისი ტიპის იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით," - განაცხადა პუტინმა.
კონტექსტი
25 მაისს, ბელორუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის შეტანა უკვე დაიწყო.
ლუკაშენკას განცხადებას წინ უძღოდა რუსეთისა და ბელორუსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა - 24 მაისს მინსკში სერგეი შეოიგუმ და ვიქტორ ხრენინმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ბელორუსის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ.
ბელორუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბირთვული არსენალის ნაწილის განთავსების შესახებ 25 მარტს პირადად ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა - რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამ თხოვნით მას ლუკაშენკამ მიმართა.