პუტინი: მოხალისეებს უკრაინაში ჩასვლაში უნდა დავეხმაროთ
რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის წინადადება მოიწონა.
„არიან ადამიანები, ვისაც საკუთარი ნებით სურს დონბასელების დახმარება - ჩვენ მათ საომარი მოქმედებების ზონაში მოხვედრაში უნდა დავეხმაროთ“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თქმით, სხვადასხვა ქვეყნიდან - უმეტესად ახლო აღმოსავლეთიდან - დონეცკის და ლუჰანსკის სეპარატისტებს უკვე 16 000-მდე მოხალისემ მიმართა.
დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში სირიელი დაქირავებული მეომრების გაგზავნას აპირებს, რომლებსაც საქალაქო ბრძოლებში მონაწილეობის გამოცდილება აქვთ. დაქირავებულებს 200-დან 300 დოლარამდე ანაზღაურებას ჰპირდებიან.
სხვადასხვა წყაროს თანახმად, უკრაინის საომარ ოპერაციებში კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის წევრებიც არიან ჩართული.
მანამდე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ომში მხოლოდ რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები იღებენ მონაწილეობას.
კიევის მხარდასაჭერად უკრაინაში უკვე ათასობით სამხედრო მოხალისე ჩავიდა, რომლებიც „უკრაინის საერთაშორისო ლეგიონში“ ირიცხებიან.