პუტინმა დონეცკის და ლუჰანსკის 'სახალხო რესპუბლიკების' დამოუკიდებლობა აღიარა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები - დონეცკის და ლუჰანსკის "სახალხო რესპუბლიკები" - დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარა.
პუტინმა ამის შესახებ ვრცელ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომელშიც უკრაინის სახელმწიფოებრიობა ეჭვქვეშ დააყენა და უკრაინას "ბოლშევიკების" გამოგონილი ქვეყანა უწოდა.
პუტინმა კიევს დონბასში "საომარი ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა" მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპასუხო ზომების მიღებით დაიმუქრა.
პუტინის ხელმოწერილი განკარგულება რატიფიცირებისთვის რუსეთის ფედერალურ ყრილობას გადაეგზავნება, რომლის საგანგებო სესია 22 თებერვალსაა ჩანიშნული.
დამოუკიდებლად ცნობის მოთხოვნით პუტინს დონეცკელი და ლუჰანსკელი სეპარატისტების ლიდერებმა დღეს მიმართეს.
მანამდე, 17 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტს მსგავსი მოთხოვნით რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიმართა.
გადაწყვეტილების მიღებამდე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხი პუტინმა უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე განიხილა.
დმიტრი კოზაკის, "ნორმანდიის ფორმატში" რუსეთის წარმომადგენლის განცხადებით, მინსკის მოლაპარაკებები 2015 წლის შემდეგ "ნულოვან დონეზე" იმყოფება.
კოზაკის პოზიცია გაიზიარა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც, რომელმაც "არსებულ ვითარებაში" მინსკის შეთანხმების შესრულების პერსპექტივა
პუტინის განცხადებით, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის "მშვიდობიანი გზის" მოსაგვარებლად, თუმცა კიევი მინსკის პროტოკოლის შესრულებას "არ აპირებს".
კრემლის მიერ უკრაინის ტერიტორიების სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარება, ფაქტობრივად, რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებების დატოვებას ნიშნავს.
2014-15 წლებში გაფორმებული მინსკის შეთანხმებები ოკუპირებულ რეგიონში კიევის იურისდიქციის აღდგენას ითვალისწინებს - დონბასის ზოგიერთი რაიონისთვის "სპეციალური სტატუსის" მინიჭების სანაცვლოდ.
მოსკოვი კიევისგან შეთანხმების "რუსული" ინტეპრეტაციით შესრულებას მოითხოვს, რაც უკრაინის ფაქტობრივ ფედერალიზაციას და დონბასის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის უკრაინის საგარეო პოლიტიკაზე ვეტოს უფლების მინიჭებას ნიშნავს.
ისტორიის გაკვეთილი
პუტინმა გამოსვლის დიდი ნაწილი ისტორიულ ექსკურსს დაუთმო, რომელშიც უკრაინას „ბოლშევიკური რუსეთის“ ქმნილება უწოდა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, თანამედროვე უკრაინის შემომდგენლობაში „ისტორიულად რუსული“ ტერიტორიები მოხვდნენ, რომლებიც რუსეთთან ისტორიულად და კულტურად არიან დაკავშირებული.
მისი თქმით, დონბასის რეგიონი უკრაინის შემადგენლობაში ბოლშევიკებმა "ჩააკვეხეს".
პუტინმა ვლადიმირ ლენინი უკრაინის „ავტორად და არქიტექტორად“ მოიხსენია.
„მადლიერების მიუხედავად, უკრაინელებმა ლენინის ქანდაკებების დემონტაჟი დაიწყეს...მზად ვართ, უკრაინას ვაჩვენოთ, რას ნიშნავს ნამდვილი დეკომუნიზაცია“, - განაცხადა პუტინმა.
"უკრაინა სახელმწიფო არ არის"
პუტინის თქმით, უკრაინაში „რადიკალური ნაციონალიზმი“ მოძლიერდა, რომელმაც „აგრესიული რუსოფობიის და ნეონაციზმის“ ფორმა მიიღო.
მან უკრაინელი „ნაციონალისტები და ნეონაცისტები“ ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტების დაჯგუფებებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
„უკრაინას სახელმწიფოებრიობის განგრძობითი ისტორია არ გააჩნია“, - თქვა პუტინმა.
პუტინმა 2014 წელს უკრაინაში დემოკრატიულ მოვლენებს და „ევრომაიდნის“ პროტესტს დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი რადიკალი ნაციონალისტების ორგანიზებული უწოდა.
„რადიკალებმა, რომლებიც უკრაინაში ხელისუფლებაში მოვიდნენ, ტერორი მოაწყვეს...მოხდა მკვლელობების წყება, რომლებიც დაუსჯელი დარჩა...ხალხს ოდესაში მხეცურად კლავდნენ. დამნაშავეები არ დაუსჯიათ, თუმცა ჩვენ ყველა მათგანის სახელი ვიცით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი დავსაჯოთ“, - დაიმუქრა პუტინმა.
რუსეთისთვის სასიცოცხლო საფრთხე
რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტის ბუდაპეშტის მემორანდუმის ანულირების შესახებ განცხადება ახსენა, რომლის ძალითაც დამოუკიდებელმა უკრაინამ ბირთვულ არსენალზე თქვა უარი - სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიის სანაცვლოდ.
პუტინის განცხადებით, უკრაინამ შესაძლოა ბირთვული შეიარაღების განვითარება დაისახოს მიზნად, რისი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობა მას - საბჭოთა მემკვიდრეობიდან გამომდინარე - გააჩნია.
პუტინის თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის არსებით საფრთხეს წარმოადგენს და ის, რომ უკრაინა ალიანსში შესაძლოა „არა ახლა, არამედ მოგვიანებით მიიღონ“, რუსეთისთვის არაფერს არ ცვლის.
ახლდება