პუტინმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის პირობები დაასახელა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ჯარებს გაიყვანს ლუჰანსკის და დონეცკის "სახალხო რესპუბლიკებიდან", ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებიდან და, ასევე, ოფიციალურად იტყვის უარს ნატოზე, მზად არის ცეცხლის შეწყვეტაზე.
"დონეცკისა და ლუჰანსკის 'სახალხო რესპუბლიკები", ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები უკრაინელმა ჯარისკაცებმა სრულად უნდა დატოვონ და, აქვე, ხაზს ვუსვამ, რომ საუბარია ამ რეგიონების მთლიან ტერიტორიაზე იმ ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში, რომლებიც მათი უკრაინაში შესვლის მომენტისთვის არსებობდა. როცა კიევი განაცხადებს, რომ მზად არის ეს გადაწყვეტილება მიიღოს და ამ რეგიონებიდან რეალურად ჯარის გაყვანას დაიწყებს და, ასევე, ოფიციალურად განაცხადებს NATO-ში შესვლის გეგმებზე უარს, ჩვენი მხრიდან დაუყოვნებლივ გაიცემა ბრძანება ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების შესახებ" - განაცხადა პუტინმა.
აღსანიშნავია, რომ პუტინმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა "მთლიან ტერიტორიებს იმ ადმინისტრაციულ საზღვრების ფარგლებში, რომლებიც მათი უკრაინაში შევლის მომენტისთვის არსებობდა", რაშიც იგულისხმა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უნდა დატოვონ ის ტერიტორიებიც, რომელთა ოკუპაცია ამ დრომდე თავად ვერ შეძლო.
თავის გამოსვლაში, პუტინმა ასევე ხაზგასმით განაცხადა, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთია და საკითხი სამუდამოდ დაიხურა და განხილვას არ ექვემდებარება.