რა განიხილეს ჰამბურგში შოლცმა და მაკრონმა?

მიმდინარე კვირაში ისრაელისა და ჰამასის სასტიკმა კონფლიქტმა საერთაშორისო არენაზე ყველა დანარჩენი ამბავი გადაფარა. მათ შორის იყო საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შორის გამართული სამიტი, რომელიც მედიის ყურადღების ცენტრში თევზის სენდვიჩით უკმაყოფილო ფრანკო-გერმანული ალიანსის ფოტოთი თუ მოხვდა.

9-10 ოქტომბერს ჩრდილოეთ გერმანიაში, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ჰამბურგში არამხოლოდ ოლაფ შოლცისა და ემანუელ მაკრონის, არამედ გერმანულ-ფრანგული მინისტრთა კაბინეტების გაერთიანებული სამიტი შედგა.

მთავარი განსახილველი თემა ენერგიის მზარდი ფასებისა და ინდუსტრიული ტრანსფორმაციის ფონზე ევროპის გლობალური კონკურენტუნარიანობის წინაშე არსებული გამოწვევები იყო.

ორი ქვეყნის ლიდერები ეწვიენ "ეარბასის" ჰამბურგის ქარხანას, რაც გასაკვირი არ იყო, რამდენადაც ამ კომპანიას ორივე მიიჩნევს ფრანგულ-გერმანული თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად.

ავიაკომპანია, რომელიც 70-იან წლებში ევროპული ქვეყნების თანამონაწილეობით დააარსდა, დღეისათვის თავის სფეროში მოწინავეა და ამერიკულ "ბიონგსაც" ჯაბნის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ხელოვნური ინტელექტი იყო. ეს ორივე ქვეყნის მთავრობისთვის მნიშვნელოვანი სფეროა, რამდენადაც მათ სურთ, სწორედ ხელოვნური ინტელექტის სფეროში მიღწეული პროგრესით ევროპა კვლავ ტექნოლოგიური განვითარების ავანგარდში მოაქციონ.

ხელოვნური ინტელექტი შოლცსა და მაკრონს შორის ივლისში გასამართ შეხვედრაზეც უნდა განხილულიყო, თუმცა მაშინ საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი უთანხმოების გამო ჩაიშალა. მას შემდეგ, შოლცი და მაკრონი ურთიერთობის გამოსწორებას ცდილობენ.

კიდევ ერთი საკითხი, რისი მოგვარებაც მათ სურთ, უთანხმოებაა ატომური ენერგიის შესახებ ევროპის ენერგიის ბაზრის კონტექსტში. საფრანგეთი მომდევნო წლებში ახალი ატომური სადგურების აშენებას გეგმავს, როცა გერმანიამ ახლახანს უკანასკნელი სადგურები დახურა.

"დავასკვენით, რომ გვსურს მომდევნო კვირებში ამაზე თანამშრომლობა ჩვენს გუნდებთან ერთად, რათა თვის ბოლოსთვის საჭირო შეთანხმებას მივაღწიოთ", - თქვა ემანუელ მაკრონმა.

ბუნებრივია, სამიტს არ ჩაუვლია კვირის მთავარი მოვლენის, ისრაელისა და ღაზის საკითხის განხილვის გარეშე.

მაკრონმა და შოლცმა ჰამასის ქმედებები ერთობლივად დაგმეს და ისრაელს მხარდაჭერა აღუთქვეს.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ არ უჭერენ მხარს ევროკავშირის მიერ პალესტინის დახმარების შეწყვეტას, თუმცა თანხმდებიან, რომ საჭიროა პროგრამის გადახედვა, რათა გამოყოფილი სახსრებით მშვიდობიანმა მოსახლეობამ ისარგებლოს და არა ჰამასმა.

ცნობისთვის, ევროკავშირი პალესტინის ყველაზე მსხვილი დონორია. პალესტინის დახმარების პროგრამის ღირებულება ჯამურად 700 მილიონ ევროს აღწევს. თუმცა მიმდინარე მოვლენების ფონზე, ევროკომისიამ პროგრამის გადახედვა და ყველა გადარიცხვის დროებით შეწყვეტა გადაწყვიტა.

 

მსგავსი სიახლეები