შოლცმა მხარი დაუჭირა მაკრონის იდეებს ევროპის დაცვის შესახებ
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მხარი დაუჭირა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის იდეებს, რომლებიც მან ხუთშაბათს, 25 აპრილს სორბონის უნივერსიტეტში გამოსვლისასა გააჟღერა.
"საფრანგეთსა და გერმანიას ერთად სურთ, რომ ევროპა ისევ ძლიერი იყოს. თქვენი გამოსვლა შეიცავს კარგ იმპულსებს ამის მისაღწევად. ჩვენ ერთად წავიყვანთ ევროკავშირს წინ: პოლიტიკურად და ეკონომიკურად. სუვერენული და ინოვაციური ევროკავშირისთვის! გაუმარჯოს ევროპას!" - წერს შოლცი მაკრონს სოციალურ ქსელ X-ის გვერდზე.
მაკრონმა სორბონის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ იმ პირობებში, როდესაც მეზობლებმა აგრესიის გამოვლენა დაიწყეს, ევროპას საკუთარი თავისთვის საიმედო თავდაცვის კონცეფციის შექმნა სჭირდება.
კონტექსტი
აფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 25 აპრილს, სორბონის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შექმნას თავისთვის საიმედო თავდაცვის კონცეფცია.
"ეს არის ის, რაც ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ და ეს არის ახალი პარადიგმა თავდაცვის სფეროში," - აღნიშნა მაკრონმა. "ევროპას უნდა შეეძლოს დაიცვას ის, რაც მისთვის ძვირფასია, თავის მოკავშირეებთან ერთად, როდესაც ისინი მზად იქნებიან ამისათვის და საჭიროების შემთხვევაში, მარტოც."
ემანუელ მაკრონი მხარს უჭერს ევროპული სამხედრო აკადემიის შექმნას "მომავალი ევროპელი სამხედრო და სამოქალაქო ლიდერის მომზადებისთვის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში."
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა ინიციატივა შეიქმნას "სწრაფი რეაგირების ძალები, რომელიც 2025 წლისთვის შეძლებს მტრულ გარემოში 5000-მდე ჯარისკაცის სწრაფად გადასროლას, განსაკუთრებით ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად."
Rfi აღნიშნავს, რომ მაკრონის გამოსვლა სორბონაში "უფრო სუვერენული და უფრო ძლიერი ევროპის შესახებ," შეიძლება ჩაითვალოს როგორც მისი შესვლა საარჩევნო კამპანიაში, ევროპარლამენტის არჩევნებამდე ექვსი კვირით ადრე, რომელიც საფრანგეთში 9 ივნისს ჩატარდება.