"ევროპა შეიძლება მოკვდეს" - მაკრონი თავდაცვის გაძლიერებას, ეკონომიკურ რეფორმებს ითხოვს
იმ ვითარებაში, როდესაც მეზობლებმა აგრესიის გამოვლენა დაიწყეს, ევროპამ უნდა შექმნას თავისთვის საიმედო თავდაცვის კონცეფცია. ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 25 აპრილს, სორბონის უნივერსიტეტში გამოსვლისას გააკეთა.
"ეს არის ის, რაც ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ და ეს არის ახალი პარადიგმა თავდაცვის სფეროში," - აღნიშნა მაკრონმა. "ევროპას უნდა შეეძლოს დაიცვას ის, რაც მისთვის ძვირფასია, თავის მოკავშირეებთან ერთად, როდესაც ისინი მზად იქნებიან ამისათვის და საჭიროების შემთხვევაში, მარტოც."
მან ასევე თქვა, რომ კონტინენტი არ უნდა გახდეს შეერთებული შტატების ვასალი.
"არსებობს რისკი, რომ ჩვენი ევროპა შეიძლება მოკვდეს. ჩვენ არ ვართ რისკების დასაძლევად შესაბამისად აღჭურვილი," - აღნიშნა მაკრონმა.
უკრაინის ომი - ევროპის უსაფრთხოების მთავარი საფრთხე
"როდესაც ჩვენ გვყავს აგრესიული მეზობელი, რომელსაც აქვს ბალისტიკური შესაძლებლობები, სადაც მან დანერგა მრავალი ინოვაცია ბოლო წლებში, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი და აჩვენა თავისი შესაძლებლობები, ცხადი ხდება, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სტრატეგიული კონცეფცია საიმედო ევროპული თავდაცვისთვის," - ციტირებს საფრანგეთის პრეზიდენტს გაზეთი Le Monde.
ემანუელ მაკრონმა უკრაინის ომს "დღეს ევროპის უსაფრთხოების მთავარი საფრთხე" უწოდა.
"ძლიერი ევროპა არის პატივსაცემი და უსაფრთხო ევროპა, რომელიც აღიარებს, რომ აქვს საზღვრები და იცავს მათ." - თქვა მან.
მაკრონი ბირთვული შეკავების შესახებ
მაკრონის მოსაზრებით, ბირთვული შეკავება, რომელიც "საფრანგეთის თავდაცვის სტრატეგიის გულია," ევროპის კონტინენტის თავდაცვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
"ამ საიმედო თავდაცვის წყალობით ჩვენ შევძლებთ შევქმნათ უსაფრთხოების გარანტიები, რასაც ევროპის ყველა პარტნიორი ელოდება და რომელიც ასევე უსაფრთხოების საერთო სისტემის შესაქმნელად უნდა გამოვიყენოთ, რომელიც ყველას უსაფრთხოებას უზრუნველყოფს," - ხაზგასმით აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.
სხვა საკითხებთან ერთად, ემანუელ მაკრონი მხარს უჭერს ევროპული სამხედრო აკადემიის შექმნას "მომავალი ევროპელი სამხედრო და სამოქალაქო ლიდერის მომზადებისთვის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში."
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა ინიციატივა შეიქმნას "სწრაფი რეაგირების ძალები, რომელიც 2025 წლისთვის შეძლებს მტრულ გარემოში 5000-მდე ჯარისკაცის სწრაფად გადასროლას, განსაკუთრებით ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად."
მაკრონი კიბერუსაფრთხოებაში ინვესტიციებზე
ამავე დროს, ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა "ევროპის კიბერუსაფრთხოების და კიბერ თავდაცვის შესაძლებლობების" განვითარების აუცილებლობას.
"მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ჩვენი საკუთარი არმიებისთვის ამ შესაძლებლობების შექმნის პროცესში ვართ, ეს არის უპრეცედენტო შესაძლებლობა, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ევროპული თანამშრომლობა და ვიმოქმედოთ როგორც ევროპელებმა ამ რისკების წინააღმდეგ," - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
Rfi აღნიშნავს, რომ მაკრონის გამოსვლა სორბონაში "უფრო სუვერენული და უფრო ძლიერი ევროპის შესახებ," შეიძლება ჩაითვალოს როგორც მისი შესვლა საარჩევნო კამპანიაში, ევროპარლამენტის არჩევნებამდე ექვსი კვირით ადრე, რომელიც საფრანგეთში 9 ივნისს ჩატარდება.