საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ პრემიერ-მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა

ფრანსუა ბაირუ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მას შემდეგ გადააყენეს, რაც ეროვნულმა ასამბლეამ მას უნდობლობა გამოუცხადა. ბაირუს და მის მთავრობას მხოლოდ 194-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ კი ხმა 364-მა მისცა.

მის წინააღმდეგ სხვადასხვა იდეოლოგიის ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ.

ბაირუ გადადგომის შესახებ განცხადებას სამშაბათს, დილით, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს წარუდგენს.

ბაირუმ, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მხოლოდ 9 თვის განმავლობაში იკავებდა, პარლამენტში მისი მთავრობის ნდობის საკითხი მას შემდეგ დააყენა, რაც ახალი ბიუჯეტი წარადგინა.

მისი გეგმა სამი წლის განმავლობაში ხარჯების 44 მილიარდი ევროთი შემცირებას ითვალისწინებდა, მათ შორის, საპენსიო და ჯანდაცვის ხარჯების. აღნიშნულმა წინადადებამ პარლამენტში დაძაბული დებატები და საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

ბაირუ მაკრონის მეექვსე პრემიერ-მინისტრი იყო, მას შემდეგ, რაც ის საფრანგეთის პრეზიდენტად 2017 წელს პირველად აირჩიეს. ბაირუს გადაყენება მაკრონს ახალ შიდა პრობლემას უქმნის.

ეროვნულ ასამბლეაში კენჭისყრამდე პრემიერმა პარლამენტის წევრებს განუცხადა: "ყველაზე დიდი რისკი ის იყო, რომ არაფერი მომხდარიყო, ყველაფერი ისე გაგრძელებულიყო, როგორც არის და არაფერი შეცვლილიყო."

ბაირუს თქმით, ვალის მოცულობა "სიცოცხლისთვის საშიშია" საფრანგეთისთვის.

მან აღნიშნა, რომ საფრანგეთის მთავრობამ ისეთი გეგმა წარადგინა, რომ ქვეყანას "რამდენიმე წელიწადში შეეძლო თავი დაეღწია ვალის ზრდისთვის, რომელიც მას ახრჩობს."

"თქვენ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება შეგიძლიათ, მაგრამ რეალობის წაშლა არა," – განაცხადა ბაირუმ.

ბაირუ რიგით მეორე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრია, რომელსაც ასეთი ბედი ეწია, მას შემდეგ, რაც დეკემბერში მიშელ ბარნიე მხოლოდ სამ თვიანი პრემიერობის შემდეგ გადააყენეს.

კენჭისყრა ახლა მაკრონს მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული გადაწყვეტილების მიღებას აიძულებს: დანიშნოს მეშვიდე პრემიერ-მინისტრი და შეეცადოს, კომპრომისზე მოლაპარაკება გამართოს, ან ვადამდელი არჩევნები დანიშნოს, უფრო დიდი უმრავლესობის შესაქმნელად.

ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა მარინ ლე პენმა, რომელიც სამჯერ იყრიდა კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში, მაკრონს მოუწოდა პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.

ლე პენის თქმით, არჩევნების ჩატარება მაკრონისთვის "არა არჩევანი, არამედ ვალდებულებაა" და მან კენჭისყრამდე "მოჩვენებითი მთავრობის აგონიის დასასრულის" შესახებ ისაუბრა.

რა შეიძლება მოხდეს შემდეგ?

ოპოზიციურ პარტიებს, ულტრამემარცხენეებიდან ულტრამემარჯვენეებამდე, 577-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში 330 ადგილი აქვთ – ეს საკმარისზე მეტია მის გადასაყენებლად.

მაკრონი უნიკალურად რთული არჩევანის წინაშე დგას – დანიშნოს კიდევ ერთი პრემიერ-მინისტრი იმ იმედით, რომ ის შეძლებს არაპოპულარული ბიუჯეტის მიღებას, დანიშნოს ახალ არჩევნები საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად ან თავად გადადგეს.

ექსპერტების უმრავლესობა ელოდა, რომ ბაირუ კენჭისყრაში დამარცხდებოდა, რაც მაკრონს მის ჩანაცვლებას აიძულებდა. მაგრამ პარლამენტში უცვლელი არითმეტიკის გამო, ეს უბრალოდ იმ მოვლენების გამეორების რისკს წარმოქმნის, რაც გასულ წელს, ბარნიეს ბაირუთი ჩანაცვლების შემდეგ მოხდა.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მაკრონმა ისეთ პრემიერი დანიშნოს, რომელიც სახელმწიფო ხარჯების გაზრდის მომხრეა.

მაგრამ განიხილება მეორე სცენარიც - ზომიერ მემარცხენე პოლიტიკურ ჯგუფებთან კოალიცია. ზოგიერთი მაკრონისტი, სოციალისტი და მწვანე პოლიტიკოსი ღიად ამბობს, რომ ისინი მზად არიან კომპრომისებისთვის, რათა შექმნან მთავრობა, რომელიც 2027 წლამდე გაძლებს.

რა არის გამოსავალი?

გამოცემა Le Figaro Magazine-ისთვის Verian Group-ის მიერ ამ თვეში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა მხოლოდ 15%-ს აქვს მაკრონის მიმართ ნდობა, რაც ივლისის შემდეგ 6%-ით ნაკლებია.

თუმცა, პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგომას მუდმივად გამორიცხავს.

Ifop-ის, Elabe-ს და Toluna Harris Interactive-ის მიერ ცალკე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფრანგების 56-დან 69%-მდე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს, რაც აჩვენებს საზოგადოებრივი უკმაყოფილების ზრდას.

კრიზისის მიზეზი

საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი მაკრონის სარისკო გადაწყვეტილებაა, გასულ წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ის 2022 წელს ხელახლა აირჩიეს.

მაკრონის სარისკო ნაბიჯი 2024 წლის ივნისში პოლიტიკური ცენტრის მხარდაჭერის განმტკიცების მცდელობა იყო. მაგრამ ფრანგმა ამომრჩევლებმა მხარი ულტრაჯემარჯვენე მარინ ლე პენის პარტიას და მემარცხენე პარტიების კოალიციას დაუჭირეს, რამაც მაკრონის პოზიციები დაასუსტა.

კენჭისყრის შედეგად შეიკრიბა პარლამენტი, რომელიც სამ ჯგუფად გაიყო. მემარცხენე ალიანსმა ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, თუმცა უმრავლესობა ვერ შექმნა. ულტრამემარჯვენე "ეროვნულმა გაერთიანებამ" ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა მასაც არ აქვს უმრავლესობა. მაკრონის ცენტრისტულმა კოალიციამ მანდატები დაკარგა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან მესამე ბლოკს წარმოადგენს.

ამ არჩევნებმა საფრანგეთის მართვა გაართულა, რადგან პრეზიდენტის პარტიას საპარლამენტო უმრავლესობა არ გააჩნია. განხეთქილება ყველაზე მკაფიოდ ბაირუს მიერ წარდგენილი ბიუჯეტის განხილვისას გამოჩნდა.

მსგავსი სიახლეები