როთი: ელჩი იზორია ბუდნესტაგში უცხოეთის აგენტების კანონზე სასაუბროდ მოვიწვიე
გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ელჩი გერმანიაში, ლევან იზორია ბუნდესტაგში ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონზე სასაუბროდ მიიწვია.
ამის შესახებ მაიკლ როთი სოციალურ ქსელებში წერს.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ მრავალპარტიულ პროტესტს, ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ფასეულობებთან და საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროკავშირისკენ",- წერს როთი.
კონტექსტი
18 აპრილს რეალპოლიტიკა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ლევან იზორია ბუნდესტაგში ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონზე სასაუბროდ დაიბარეს.
იმავე საღამოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ელჩის ბუნდესტაგში დაბარება.
ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს ელჩად 2020 წელს დაინიშნა - გასულ წლებში იზორია იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას, მათ შორის 2016-2019 წლებში იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს. გერმანიაში გამგზავრებამდე იზორია ხელმძღვანელობდა საქართველოს დაზვერვის სამსახურს.
ქართული ოცნების მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის ხელახალ ინიცირებას საქართველოს მოკავშირე ქვეყნების მთავრობების მხრიდან საკმაოდ მკაცრი რეაქცია მოჰყვა.
გამონაკლისი არც გერმანიის მთავრობა იყო - 12 აპრილს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, კანცლერმა შოლცმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა არ მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი.
"დიდი იმედი გვაქვს, საქართველო ამ ცვლილებებს არ მიიღებს და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას“, - განაცხადა ფედერალურმა კანცლერმა.
შოლცმა უპასუხა ჟურნალისტის მიერ ევროკავშირში ანალოგიური კანონის შესახებ დასმულ კითხვასაც - "ევროკავშირში მსგავსი კანონმდებლობა არ გვაქვს",- განაცხადა კანცლერმა.
17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დედაქალაქში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. კანონპროექტის მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა.
პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე პროექტის კანონად ქცევისთვის საჭიროა 3 მოსმენა პლენალურ სხდომაზე, რასაც დაახლოებით 5 კვირა დასჭირდება.
უკვე ცნობილია, რომ კანონს ვეტოს დაადებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.