რა წერია უკრაინისა და დიდი შვიდეულის მიერ ხელმოწერილ უსაფრთხოების დეკლარაციაში

დიდი შვიდეულისა წევრი სახელმწიფოებისა და უკრაინის ლიდერებმა ვილნიუსში მიმდინარე ნატოს სამიტის დასასრულს ხელი მოაწერეს უსაფრთხოების გარანტიებისა და სამხედრო დახმარების დეკლარაციას. 

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ დიდი შვიდეულის სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება მრავალწლიან პერსპექტივაში. 

ხელმოწერის ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა - "დეკლარაცია უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა. ჩვენ სახლში მნიშვნელოვანი გამარჯვება მიგვაქვს."

საყურადღებოა, რომ ჩანაფიქრის მიხედვით დეკლარაცია მომავალზეა ორიენტირებული და საუბარია რუსეთის მხრიდან შემდგომი აგრესიის შემთხვევაში არსებულ ვალდებულებებზე. აქედან გამომდინარე შეთანხმება მიმდინარე ომის დასრულების შემდეგ ამოქმედდება. 

რა წერია დეკლარაციაში 

დეკლარაციაში ნათქვამია - "დიდი შვიდეულის ლიდერები ადასტურებენ თავიანთ მყარ სწრაფვას სტრატეგიული მიზნისკენ - ვუზრუნველყოთ თავისუფალი, სუვერენული და დემოკრატიული უკრაინის არსებობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელსაც შეეძლება თავის დაცვა და რუსეთის აგრესიის შეჩერება." 

გარდა ამისა დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინის უსაფრთხოება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია. 

დიდი შვიდეულისა და უკრაინის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში დასახელებულია 3 კონკრეტული მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც მხარეები შეეცდებიან დასახული ამოცანის მიღწევას 

  • მომავალში რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად მთავარ ელემენტად შვიდეულის ლიდერები ძლიერ და ეფექტურ უკრაინულ არმიას მიიჩნევენ. ხოლო თავად პარტნიორები იღებენ ვალდებულებას შეაიარაღონ უკრაინა თანამედროვე სისტემებით, დაეხმარონ ქვეყანას სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის განვითარებაში, გაწვრთნან უკრაინელი სამხედროები, დაეხმარონ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციითა და გააძლიერონ ქვეყნის კიბერ უსაფრთხოება.

  • დამატებით ჩანაწერში განმარტებულია, რომ შეიარაღების თვალსაზრისით პრიორიტეტი მიენიჭება საჰაერო თავდაცვის სისტემებს, არტილერიას, ჯავშანტექნიკას და შორი მოქმედების შემტევ სისტემებს

  • დიდი შვიდეულის ლიდერები პირობას დებენ დაეხმარონ უკრაინას ეკონომიკის აღდგენის პროცესში და გააღრმავონ ეკონომიკური კავშირები


  • შვიდეული ასევე იღებს ვალდებულებას დაეხმაროს უკრაინას ტექნიკურად და ფინანსურად რუსეთის აგრესიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში

შვიდეულის გარდა, დეკლარაცია შეიცავს უკრაინის ვალდებულებებსაც. კერძოდ:

  • უკრაინა იღებს ვალდებულებას გააგრძელოს მასშტაბური რეფორმები, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლისა და სამართალდამცავი უწყებების მუშაობის გაუმჯობესების შესახებ. გარდა ამისა უკრაინა ვალდებულია გააგრძლოს სასამართლოს რეფორმა

  • უკრაინა ვალდებულია გააგრძლოს სვლა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის და სიტყვის თავისუფლებისკენ. 

  • გააგრძლოს თავდაცვის ძალების მოდერნიზება, გააგრძლოს არმიის მოდერნიზება და გააძლიეროს სამოქალაქო ზედამხედველობა

დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ "ყველა ეს ძალისხმევა იმოქმედებს მანამ, სანამ უკრაინა გააგრძელებს სვლას ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ."

გარდა ამისა დიდი შვიდეულის ლიდერები აცხადებენ, რომ უკვე მომდევნო დღეებში დაიწყება ორმხრივი მოლაპარაკებები შეთანხმებული პრინციპების გასამყარებლად ორმხრივი შეთანხმებების ფორმატში. 

მსგავსი სიახლეები