რას აპროტესტებენ ევროპელი ფერმერები?

2023 წლის დეკემბრიდან ევროპის კონტინენტი ფერმერების მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ქვეყნების მიხედვით, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანების პრობლემები და მათ მიმართ ხელისუფლების მიდგომა ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, მათ შორის ევროპის მწვანე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და ევროპული გაერთიანების საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა (CAP), რაც ევროპელ ფერმერთა საერთო წუხილის მიზეზს წარმოადგენს.

მაგალითისთვის, ლიეტუველი, პოლონელი, იტალიელი, ფრანგი, ბელგიელი, ბულგარელი და რუმინელი ფერმერების უკმაყოფილებას ევროპის კავშირის რეგულაციები და იაფი იმპორტი იწვევს, საბერძნეთის სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის - გაზრდილი წარმოების ხარჯები და ევროპული გაერთიანების საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკით გათვალისწინებული გადასახადები.

ევროპელი ფერმერები აცხადებენ, რომ ისინი პროდუქციას ევროპის კავშირის მკაცრი რეგულაციები პირობებში აწარმოებენ, რაც მათ წარმოების ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის და საკვების დაბალ ფასად გაყიდვის შესაძლებლობას გამორიცხავს. მაღალი ფასის გამო ევროპელ ფერმერთა პროდუქცია იმპორტირებულ იაფ საკვებს კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც ფერმერი შემოსავალს კარგავს.

ევროპის კავშირის მწვანე შეთანხმების მიხედვით, 2050 წლისთვის აღარ იქნება სათბურის აირების გაფრქვევა; ეკონომიკური ზრდა აღარ იქნება დამოკიდებული რესურსების გამოყენებაზე; არცერთი ადამიანი და არცერთი ადგილი არ დარჩება მწვანე შეთანხმების მიღმა. შეთანხმება ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებში ინვესტირებას, ენერგეტიკის სექტორის დეკარბონიზაციას, შენობების მეტი ენერგოეფექტურიბით უზრუნველყოფას, გლობალური გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებას და ა.შ. ითვალისწინებს.

გერმანია

ევროპის მასშტაბით ფერმერებმა აქციები საგადასახადო შეღავათების (დიზელის საწვავის სუბსიდირების შემცირება) ეტაპობრივი გაუქმებისა და ფედერალური მთავრობის პოლიტიკის გასაპროტესტებლად 2023 წლის 18 დეკემბერს გერმანიაში დაიწყეს.

გერმანიის საბიუჯეტო კრიზისის დასაძლევად, დეფიციტის შესავსებად და ყოველწლიურად დაახლოებით 480 მილიონი ევროს დასაზოგად, ოლაფ შოლცის კოალიციურმა მთავრობამ („სოციალ-დემოკრატიული პარტია“ + „მწვანეები“ + „თავისუფალი დემოკრატები“) გადაწყვიტა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორიში დასაქმებული ადამიანებისთვის შეღავათები გაეუქმებინა.

მთავრობის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად 18 დეკემბერს ბერლინში ბრანდენბურგის კარიბჭის წინ ფერმერების მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციების ალიანსის, LsV Deutschland-ისა და DBV-ის მიერ იყო ორგანიზებული.

დემონსტრანტებმა სუბსიდიების გაუქმების გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. ანალოგიური მოთხოვნით აქციები ბერლინის გარდა, ფრაიბურგში, ლაიფციგსა და კემნიცშიც გაიმართა.

თანდათანობით ფერმერთა აქციებმა გერმანიის ქალაქები მოიცვა. ტრაქტორების საშუალებით გზატკეცილების კოორდინირებული გადაკეტვის შედეგად, ადამიანთა ყოველდღიური საქმიანობა და გადაადგილება მნიშვნელოვნად შეიზღუდა.

ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შედეგად, ფედერალურმა მთავრობამ გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და სუბსიდიების ეტაპობრივად გაუქმებას დაუჭირა მხარი.

„ჩვენ გულთან ახლოს მივიტანეთ ფერმერების არგუმენტები და მთავრობა კომპრომისზე წასვლა გადაწყვიტა. განვიხილავთ თუ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობას კარგი მომავალი ჰქონდეს“, - ოლაფ შოლცი.

საფრანგეთი

ფრანგმა ფერმერებმა უკმაყოფილების დაფიქსირება თავდაპირველად 2023 წლის ოქტომბერში ოქსიტანიის რეგიონში დაიწყეს, თუმცა მაშინდელი ინდივიდუალური გამოსვლები მასშტაბურ საპროტესტო აქციაში არ გადაზრდილა.

2024 წლის 16 იანვარს ოქსიტანელმა ფერმერებმა ტულუზაში აქცია გამართეს, რასაც არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. 18 იანვარს კი სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა ტულუზა-ტარბსის მაგისტრალის გადაკეტეს, გარდა ამისა, მათ სამთავრობო შენობები დააზიანეს.

საფრანგეთი ფერმერთა მასობრივმა დემონსტრაციებმა, სწორედ 2024 წლის 18 იანვრიდან მოიცვა, როდესაც ფერმერებმა მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე არსებული დაბალი ფასები, სუბსიდირების შესაძლო გაუქმება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის გაზრდა, ასევე ევროპის კავშირისა და მერკოსურის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გააპროტესტეს.

ზემოაღნიშნული გარდა, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანების უკმაყოფილება ევროპის კავშირის მოთხოვნამაც გამოიწვია, რომლის თანახმადაც, გაერთიანების წევრმა სახელმწიფოებაში მცხოვრებმა ფერმერებმა პესტიციდებისა და სასუქის გამოყენება თანდათან იმდენად უნდა შეამცირონ, რომ 2030 წლისთვის საკუთარ საზღვრებში მოქცეული ზედაპირის მინიმუმ 20% ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდეს. მათი განცხადებით, დაწესებული რეგულაციები შეუძლებელს ხდის, კონკურენცია გაუწიონ სხვა ქვეყნების მწარმოებლებს.

პროტესტის შედეგად, საფრანგეთის მთავრობამ დიზელის საწვავზე შეღავათების შენარჩუნებისა და პესტიციდების აკრძალვასთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობაზე წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ბელგია

მიმდინარე წლის იანვარში ბელგიელმა ფერმერებმა მაგისტრალებისა და ქვეყნის სიდიდით მეორე პორტთან, ზეებრუგთან მისასვლელი გზების გადაკეტვით მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე დაბალი ფასები და ევროპის კავშირის გარემოსდაცვითი პოლიტიკა გააპროტესტეს.

1 თებერვალს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროპის კავშირის სამიტის მიმდინარეობისას სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა ტრაქტორებით გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების ნაწილმა კი ევროპარლამენტის შენობას კვერცხები და ბოთლები ესროლა.

გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის კავშირის ლიდერების შეკრების მიზეზი და სამიტის მთავარი თემა უკრაინის ფინანსური დახმარბა იყო და არა ევროპული გაერთიანების სოფლის მეურნეობის პოლიტიკა, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ბრიუსელი საგარეო საკითხებს უფრო დიდ ყურადღებას უთმობს, ვიდრე შიდა პოლიტიკას.

დემონსტრანტების მიზანი უკრაინის საკითხის განსახილველად შეკრებილი პოლიტიკური ლიდერებისთვის ხმის მიწვდენა და საკუთარი წუხილის გაზიარება იყო.

ესპანეთი

თებერვლის დასაწყისში ესპანელი ფერმერები ევროპის კავშირის მასშტაბით გამოსულ კოლეგებს შეუერთდნენ, რომლებიც ევროპული გაერთიანების გარემოსდაცვით პოლიტიკას, გაზრდილ ხარჯებსა და შემცირებულ შემოსავალს აპროტესტებენ. დემონსტრანტების თქმით, რეგულაციები, რომლებიც EU-ს საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ნაწილია, მათთვის მოგების მიღების შესაძლებლობას ამცირებს.

პორტუგალია

პორტუგალიელი ფერმერები ადექვატური საკვების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომის დაფასების მოთხოვნით აქციებს მართავენ. პროტესტის ნიშნად, მათ ესპანეთისა და პორტუგალიის დამაკავშირებელი გზა ტრაქტორებით გადაკეტეს.

ბულგარეთი

ბულგარელი ფერმერებისთვის პრობლემას წარმოების გაზრდილი ხარჯები, შემცირებული შემოსავალი, უკრაინიდან იმპორტირებული პროდუქცია და ევროპის კავშირის გარემოსდაცვითი პოლიტიკა წარმოადგენს.

დემონსტრანტების განცხადებით, ისინი ქვეყანაში უკრაინიდან იმპორტირებულ დაბალფასიან პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევენ, რის გამოც შემოსავლის გარეშე რჩებიან.

„უკრაინულმა საქონელმა დაგვტბორა. ჩვენი ინტერესები დაცული არ არის. უკრაინის ომის გამო განცდილი ზარალის ასანაზღაურებლად საბიუჯეტო გარანტიები არ გვაქვს. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რა იქნება ხვალ, მომავალ წელს, მომდევნო ხუთ წელიწადში“, - ვენცისლავ ვარბანოვი, სოფლის მეურნეობის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

საბერძნეთი

ბერძენი ფერმერები წარმოების ხარჯების ზრდას და ევროპის კავშირის სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელებულ რეფორმებს აპროტესტებენ.  

დემონსტრანტების განცხადებით, სოფლის მეურნეობის სექტორისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი 2013 წლიდან 550 მილიონი ევროთი შემცირდა. ფერმერები დაფინანსების ზრდას, გადასახადების შემცირებას, იმპორტირებული პროდუქტის კონტროლს, ასევე, ელექტორენერგიისა და საწვავის გაიაფებას მოითხოვენ.

„ის თანხა, რასაც პრემიერ-მინისტრი წარმოების ხარჯების შესამცირებლად გვაძლევს, უმნიშვნელოა. თუ მას სურს, რომ საბერძნეთში დავრჩეთ და ემიგრაციაში არ წავიდეთ, ჩვენი პრობლემები უნდა მოაგვაროს“, - კოსტას ძელასი, ფერმერთა ფედერაციის ლიდერი.

ხელისუფლებამ ფერმერებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და მათი პრობლემების განხილვა შესთავაზა, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს.

„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა უკანასკნელი რაღაც არის, რაც ჩვენ გვაინტერესებს“ - კოსტას ძელასი, ფერმერთა ფედერაციის ლიდერი.

პოლონეთი

პოლონელი ფერმერებისთვის მთავარ გამოწვევას ევროპის კავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკა, უკრაინიდან იმპორტირებული იაფი საკვები და უსამართლო კონკურენცია წარმოადგენს.

დემონსტრანტები, როგორც ბრიუსელისგან, ასევე ეროვნული მთავრობისგან წარმოების ხარჯების შემცირებას და სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა ტრაქტორებით ქვეყნის მასშტაბით არაერთი გზა და მაგისტრალი გადაკეტეს. გარდა ამისა, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე სამი სატვირთო მანქანა გააჩერეს და მარცვლეული გადმოყარეს.

პოლონელი ფერმერები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციებს 10 მარტამდე გააგრძელებენ.

ევროპელ ფერმერთა პროტესტის შედეგი

გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წლის ივნისში ევროპარლამენტის არჩევნები ტარდება, როგორც ბრიუსელს, ასევე ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს მოუწევთ, რომ სოფლის მეურნეობის პოლიტიკას და ფერმერების პრობლემებს შესაბამისი ყურადღება დაუთმონ.

ევროპის კონტინენტზე ფერმერების მასშტაბური საპროტესტო აქციების შედეგად, ბრიუსელმა პესტიციდების შესახებ ინიციატივის უკან გაწვევის და ალტერნატიულ პროექტზე მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, ევროკომისიამ 2040 წლისთვის მისაღწევი კლიმატის აქტიდან სათბური აირების 30%-ით შემცირების პუნქტი ამოიღო.

„პესტიციდებთან დაკავშირებული შეთავაზება პოლარიზაციის სიმბოლოდ იქცა. წინსვლისთვის მეტი დიალოგი და განსხვავებული მიდგომაა საჭირო“, - ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური დაპირება 2050 წლისთვის კლიმატის მიმართ ევროპის კავშირის ნეიტრალურობის მიღწევა იყო.

ბრიუსელის გარდა, ფერმერებთან დათმობაზე წასვლა ევროპის ქვეყნების ხელისუფლებებმაც გადაწყვიტეს. გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ განაცხადა, რომ დიზელის საწვავზე არსებული საგადასახადო შეღავათები მომენტალურად არ შეწყდება, რაც ფერმერებს „ადაპტაციისთვის“ მეტ დროს მისცემს. 2024 წელს სუბსიდიები 40%-ით, მომავალი ორი წლის განმავლობაში კი 30%-ით შემცირდება.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალის თქმით, უსამართლო კონკურენციის აღმოფხვრის მიზნით, ქვეყანა საკვების იმპორტზე კონტროლს გაზრდის.

პორტუგალიის მთავრობამ, ფერმერებისთვის გადაუდებელი დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც სექტორის დასახმარებლად 500 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

ბულგარეთის ხელისუფლებამ რძის პროდუქტების, ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებლების დასახმარებლად 75 მილიონი ევრო გამოყო. გარდა ამისა, მთავრობამ განაცხადა, რომ მარცვლეულის მცირე მწარმოებლებს ყველაზე დიდ, საშუალოს - შედარებით ნაკლებს და დიდს - მცირე ფინანსურ დახმარებას გაუწევს - „ყველაზე პატარასთვის - ყველაზე მეტი, საშუალოზე - შედარებით ნაკლები, ყველაზე დიდისთვის - ძალიან ცოტა“.

 

 

მსგავსი სიახლეები