რესპუბლიკელები: უკრაინის დახმარება არ შემცირდება, ვემხრობით შორი რაკეტების გადაცემას

კონგრესში ახლადარჩეული უმრავლესობის საკვანძო წევრების თქმით, უკრაინის დახმარება უფრო გამჭვირვალე გახდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შემცირდება. 

ამის შესახებ კონგრესმენებმა ტელეკომპანია ABC-ის ეთერში ისაუბრეს

კონგრესმენებმა მხარი დაუჭირეს უმრავლესობის ლიდერად მოაზრებული კევინ მაკარტის ადრინდელ განცხადებებს, რომ თეთრი სახლის მოქმედებები ამ მიმართულებით უფრო ანგარიშვალდებული უნდა იყოს. 

"ჩვენ თეთრ სახლს არ გამოვუწერთ კარტ-ბლანშს, ჩვენი უმრავლესობის პირობებში უფრო მეტი გამჭვირვალეობა და ანგარიშვალდებულება იქნება. შეამცირებს თუ არა ეს ჩვენს დახმარებას უკრაინელი ხალხისთვის? არა, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ პასუხისმგებლიანად",- განაცხადა მაიკლ მაკკოლმა. 

რესპუბლიკელი კონგრესმენის თქმით, წინა შემთხვევაში, როდესაც თეთრმა სახლმა უკრაინისთვის 40 მილიარდის დოლარის დახმარება მოითხოვა, კონგრესმენების დოკუმენტის გასაცნობად მხოლოდ რამდენიმე საათი ჰქონდათ.

მაკკოლის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამერიკელ მოქალაქეებს ესმოდათ რა რისკები არსებობს ამერიკის ინტერესებისთვის თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს. მაკკოლის თქმით, უკრაინის დამარცხებას გლობალურად უარყოფითი ეფექტი ექნება როგორც ტაივანზე, ასევე სხვა ცხელ წერტილებზე. 

მაკკოლის მსგავსი პოზიცია გამოთქვა მისმა კოლეგამ, მაიკლ ტერნერმა, რომელიც დაზვერვის სპეციალური კომიტეტის წევრია, - "პრეზიდენტ ზელენსკის კვლავ შეუძლია დაეყრდნოს აშშ-ის დახმარებას, ეს დახმარება უფრო სტრუქტურირებული გახდება". 

ტერნერმა ხაზი გაუსვა უკრაინის საჭიროებას ეფექტური ანტი-საჰაერო თავდაცვის სისტემებში, ხოლო მაკკოლმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინისთვის უფრო შორი მოქმედების შეიარაღების გადაცემას. 

კონტექსტი

ახლადარჩეული რესპუბლიკელების განცხადებები უფრო გასაგებს და ნათელს ხდის სურათს, მას შემდეგ რაც შუალედურ არჩევნაბამდე რამდენიმე რესპუბლიკელმა უკრაინისთვის დახმარების შემცირებაზე მიანიშნა. 

მათ შორის ნოემბრის დასაწყისში რესპუბლიკელმა, მარჯორი ტეილორ გრინმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში უკრაინა ერთ ცენტსაც ვერ მიიღებდა. 

ცალკეული კონგრესმენების განცხადებების მიუხედავად უკრაინის ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-ში კვლავ მყარია და მოსალოდნელია, რომ დახმარება როგორც მინიმუმ არ შემცირდება. 

მსგავსი სიახლეები