Reuters: გერმანია უკრაინისთვის 100 თვითმავალი ჰაუბიცის გადაცემას გეგმავს
გერმანიამ შესაძლოა უკრაინას თვითმავალი ჰაუბიცები მიაწოდოს. სავარაუდოდ საუბარია გერმანული წარმოებისვე Panzerhaubitze-ს ტიპის დანადგარებზე. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის სპეცსამსახურების წყაროზე დაყრდნობით სააგენტო Reuters ავრცელებს.
"გერმანია განიხილავს შესაძლებლობას უკრაინას თვითმავალი ჰაუბიცები მიაწოდოს. ბერლინმა საკითხი ნიდერლანდების მთავრობასთან ერთად განიხილა", - წერია გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში.
მანამდე ცოტა ხნით ადრე, გაზეთი Welt am Sonntag თავის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ იარაღის მწარმოებელი გერმანული კონცერნი Kraus-Maffei Wegmann მზად იყო უკრაინაში 100 Panzerhaubitze-ს ტიპის დანადგარი გაეგზავნა, რომელთა საერთო ღირებულებაც დაახლოებით 1.7 მილიარდ ევროს შეადგენს.
იმის შესახებ, რომ იმავე ტიპის თვითმავალი ჰაუბიცების გადაცემას უკრაინისთვის ნიდერლანდები გეგმავდა გამოცემა Bloomberg 20 აპრილს წერდა.
Panzerhaubitze-ს მოქმედების რადიუსი 35-67 კილომეტრამდეა, ბევრი სამხედრო ანალიტიკოსი ამ დანადგარს მიწაზე კონვენციური ომის წარმოების ყველაზე მძიმე დანადგარადაც მიიჩნევს.