Rheinmetall გერმანიაში საბრძოლო მასალის ახალ ქარხანას ააშენებს
მას შემდეგ, რაც შვეიცარიამ გერმანიას ორჯერ უთხრა უარი საბრძოლო მასალის უკრაინაში ექსპორტზე, გერმანული თავდაცვის კონცერნი Rheinmetall ახალ დიდ ქარხანას ააშენებს. ახალ საწარმოში საშუალო კალიბრის საბრძოლო მასალის წარმოება იანვრიდან დაიწყება, რაც მიზნად ისახავს ბუნდესვერისთვის საბრძოლო მასალის ავტონომიურ მიწოდებას.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო dpa იუწყება, რომელმაც ინფორმაცია გერმანული კონცერნისაგან მიიღო.
Rheinmetall-ის წარმომადგენლის თქმით, ყურადღება გამახვილებულია გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების აღდგენაზე. კომპანია გერმანიაში 20-35 მმ-იანი საბრძოლო მასალის წარმოებას გეგმავს.
წარმოება 2023 წლის ივნისში დაიწყება, ხოლო ივლისში Rheinmetall შეძლებს Gepard-ის თვითმავალი საზენიტო სისტემის საბრძოლო მასალის პირველი პარტია მიაწოდოს დამკვეთს. ამრიგად, თუ ფედერალური მთავრობა შესაბამის ბრძანებას გამოსცემს, უკრაინა შეძლებს მიიღოს 300 000-მდე შესაბამისი კალიბრის საბძოლო მასალა. კონკრეტულად სად შენდება ახალი ქარხანა, უცნობია.
თავის მხრივ, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მარი-აგნეს სტრაკ-ციმერმანმა განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილია გერმანიის თავდაცვის ინდუსტრიის სწრაფი მოქმედებით.
"მომავალში გერმანიაში უფრო მეტი საბრძოლო მასალის წარმოებას შევძლებთ, რაც ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება", - თქვა მან dpa-სთან ინტერვიუში. მისი თქმით, "უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გერმანია ნატოს პარტნიორებთან ერთად უფრო დამოუკიდებელი გახდეს საბრძოლო მასალის წარმოებაში".