Rheinmetall-მა ჭურვების წარმოებისთვის ქარხნის მშენებლობა დაიწყო: უკრაინა ასობით ათას ჭურვს მიიღებს
გერმანიაში Rheinmetall-ის ახალი ქარხნის მშენებლობა იწყება, რაც გაზრდის გერმანიის შესაძლებლობებს აწარმოოს საარტილერიო ჭურვები. მხოლოდ წელს, უკრაინა რამდენიმე ასეულ ათას ჭურვს მიიღებს.
ამის შესახებ DW წერს.
ობიექტს სამხედრო კონცერტი Rheinmetall ქალაქ უნტერლუსში აშენებს, რომელიც ჰანოვერსა და ჰამბურგს შორის მდებარეობს, სადაც კომპანიას უკვე აქვს საწარმოო ობიექტები.
ახალი საარტილერიო საბრძოლო მასალის ქარხანა გაზრდილი მოთხოვნის ფონზე შენდება, რადგან მოკავშირეები ცდილობენ გაზარდონ უკრაინისთვის ჭურვების მიწოდება და ასევე შეინარჩუნონ საკუთარი მარაგი.
Rheinmetall-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა Tagesspiegel-ს განუცხადა, რომ ახალი ქარხნის დასრულების შემდეგ, გერმანიას წელიწადში 200 000 საარტილერიო ჭურვის წარმოება შეეძლება.
"უკრაინა ჩვენგან რამდენიმე ასეულ ათას ჭურვს მხოლოდ წელს მიიღებს, ასევე რამდენიმე ათეულ ჯავშანტრანსპორტიორს და ტანკს," - აღნიშნა მან.
კომპანიამ, რომელმაც გერმანიის სახელმწიფოსგან 10 მილიარდი ევროს კონტრაქტები მიიღო გასულ წელს, ასევე თქვა, რომ შესაძლოა თავის თავზე აიღოს გარკვეული ხარჯები, თუ შეერთებული შტატები შეამცირებს ან მთლიანად შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას.
"ჩვენ კვლავ შეგვიძლია გავაფართოვოთ ჩვენი წარმოება - როგორც უკრაინაში, ასევე გერმანიაში," - თქვა პაპერგერმა, უკრაინაში ახალი ჯავშანტექნიკის ქარხნის მხედველობაში.
NDR-ის ინფორმაციით, Rheinmetall-მა ამ პროექტში 300 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა და 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ელოდება. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ახალი ქარხნის საძირკველის ჩაყრის ცერემონიაზე მივიდნენ.