RIA: ოკუპირებული ხერსონი რუბლის ზონას უერთდება
პირველი მაისიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებული ხერსონი რუსული რუბლის ზონას შეუერთდება.
ინფორმაციას ამის შესახებ РИА Новости ხერსონში რუსი სამხედროების მიერ ორგანიზებულ სეპარატისტულ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხერსონის სამხედრო-სამოქალაქო გადარჩენის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კირილ სტრემოუსოვის თქმით, ვალუტის შეცვლის მიმართულებით დიდი სამუშაო უკვე გაწეულია.
მისი განმარტებით, გარდამავალი პერიოდი ოკუპირებულ ქალაქში 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება, რა დროშიც მიმოქცევაში იქნება როგორც უკრაინის, ასევე, რუსეთის ეროვნული ვალუტა.
ხერსონი ამ დრომდე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ყველაზე დიდი ქალაქია. მისი აღებისთანავე რუსმა სამხედროებმა გამორთეს უკრაინული ტელევიზიები და ჩართეს რუსული პროპაგანდისტული არხები.
სტრემოუსოვმა ხერსონში შექმნილ საომარ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით ქალაქის უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ გადასვლა გამორიცხულია.
ბოლო კვირების განმავლობაში ხერსონის შემოგარენი ინტენსიური ბრძოლების ადგილია. მათ შორის ცნობილია უკრაინული არმიის წარმატებული შეტევების შესახებაც.
გუშინ, 27 აპრილს უკრაინულ მედიაში ვრცელდებოდა ხერსონის ცენტრში მომხდარი მასშტაბური აფეთქების კადრები. აფეთქება ხერსონის ტელეანძის მახლობლად მოხდა, რის შემდეგაც ქალაქში რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიების მაუწყებლობა შეწყდა.