რიში სუნაკი ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდა
რიში სუნაკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში, პრემიერ-მინისტრობის შემდეგ მისი პირველი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
შეხვედრა უკრაინის მიმართ "დიდი ბრიტანეთის მუდმივი მხარდაჭერის დასადასტურებლად" გაიმართა, თქვა ბრიტანეთის პრემიერის სპიკერმა.
"ჩვენ განვიხილეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე გლობალური უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ და სასურველ შედეგებს მივაღწევთ", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა Telegram-ზე შეხვედრის შემდეგ.
სუნაკმა, რომელმაც თანამდებობა გასულ თვეში დაიკავა, პირობა დადო, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინელების გვერდით დგომას მათ ბრძოლაში.
ზელენსკისთან შეხვედრის დროს მან განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უზრუნველყოფს საჰაერო თავდაცვის ახალ პაკეტს, რომელიც დაეხმარება უკრაინას მშვიდობიანი მოსახლეობის და ქვეყნის ინფრასტრუქტურის დაცვაში რუსული თავდასხმებისგან.
უკრაინა ბოლო თვეებში დასავლეთის ქვეყნებისგან დახმარებას ითხოვს კიევზე და მთელ ქვეყანაში რუსეთის ინტენსიური საჰაერო თავდასხმების ფონზე.
50 მილიონი ფუნტის ღირებულების თავდაცვითი დახმარების პაკეტი მოიცავს 125 საზენიტო სისტემას და ტექნოლოგიას ირანის მიერ მიწოდებული დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის ათობით რადარსა და დრონების საწინააღმდეგო ელექტრონულ სისტემას.
ეს მოჰყვება 1000-ზე მეტ ახალ საზენიტო რაკეტას, რომელიც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა, ამ თვის დასაწყისში გამოაცხადა.
სუნაკმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო ასევე გაზრდის უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნების რაოდენობას.
კიევში ყოფნისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ყვავილებით შეამკო ომში დაღუპულთა მემორიალი და სანთელი დაანთო ჰოლოდომორის მსხვერპლთა მემორიალთან.
სუნაკმა ასევე ნახა რუსებისთვის წართმეული ირანული დრონები, რომლებიც ბოლო თვეებში გამოიყენებოდა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
"მე ვამაყობ იმით, თუ როგორ იდგა დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით თავიდავნე. და მე დღეს ვარ აქ, რათა ვთქვა, რომ დიდი ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის გვერდით დგომას, რადგან ის იბრძვის ამ ბარბაროსული ომის დასასრულებლად და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად." - თქვა სუნაკმა.