როგორ ააფეთქა სსრკ-მ დნეპრის დამბა სტალინის ბრძანებით 1941 წელს

6 ივნისის დილით მოულოდნელად ჩამოიშალა კახოვკის კაშხალი, რომელიც მდინარე დნიპროზე გაშენებული ჰეს-ების კასკადის მეექვსე და დამაგვირგვინებელი ნაგებობა იყო. 

მომხდარს უკრაინის ხელისუფლებამ ბოლო ათწლეულების უმსხვილესი ტექნოგენური კატასტროფა და ეკოციდის აქტი უწოდა. უკრაინის შესაბამისმა უწყებებმა მომხდარში რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულეს და დაასახელეს სამხედრო დანაყოფი, რომელმაც კაშხალი ააფეთქა. 

რუსეთის მიერ კაშხლის აფეთქებას ასახელებენ სავარაუდო ვერსიად დამოუკიდებელი წყაროებიც. თავის მხრივ, რუსეთი თავიდან უარყოფდა კაშხალზე პრობლემას არსებობას, თუმცა მალევე კრემლში მომხდარს უკრაინის მიერ მოწყობილი "ბარბაროსულ დივერსიას" უწოდეს. 

საყურადღებოა, რომ მსგავსი რამ მდინარე დნეპრის ისტორიაში პირველად არ ხდება - მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა სპეცსამსახურებმა ააფეთქეს ДнепроГЭС-ის დამბა, რომელიც კახოვკის კაშხალზე ბევრად უფრო დიდი იყო. 

 

Guardian-ის სვეტი დნეპრის ჰესის შესახებ 1932 წლის 11 ოქტომბერი

ნაცისტების იერიშის შესაჩერბლად მაშინ საბჭოთა სპეცსამსახურებმა კაშხლის ქვედა ნაწილში დიდი მოცულობით ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟეს და ევროპაში ყველაზე დიდი დამბა ააფეთქეს. შემთხვევას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 

ჰეს-ის აფეთქებაში საბჭოთა კავშირმა ნაცისტები დაადანაშაულა - წლების განმავლობაში ოფიციალური საბჭოთა ვერსია სწორედ ასეთი იყო. თავის მხრივ ნაცისტებმა უკან დახევისას ისევ ააფეთქეს დამბა, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით. 

1941 და 2023 წლის კაშხლის ჩამოშლის ბევრი დეტალი ერთმანეთის მსგავსია. 

როგორ ააფეთქეს ДнепроГЭС-ის დამბა

1941 წლის აგვისტოში ნაცისტების სწრაფი შეტევის ფონზე წითელი არმია უკან იხევდა. წნეხის ფონზე წითელი არმიის ხელმძღვანელებმა ზაპორიჟიაში მდებარე ხიდებისა და ДнепроГЭС-ის დამბის აფეთქება გადაწყვიტეს, რათა მტრისთვის დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადმოსვლის საშუალება არ მიეცათ. 

საქმე ის არის, რომ დამბის აფეთქება უკიდურესად გასაიდუმლოებული ოპერაცია იყო, რომლის შესახებაც არ მშვიდობიანმა მოსახლეობამ არაფერი იცოდა. ისტორიკოსები ამბობენ, რომ დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც აფეთქების შედეგად აზვირთებულმა ტალღამ იმსხვერპლა. 

2011 წელს უკრაინელმა დოკუმენტალისტებმა ДнепроГЭС-ის დამბის აფეთქების ისტორიაზე ფილმი გადაიღეს. ფილმში საიდუმლო დოკუმენტებსა და მოვლენების მოწმეების მონაყოლზე დაყრდნობით აქამდე უცნობ დეტალებზეა საუბარი. 

1941 წლის 18 აგვისტოს ნაცისტები უკვე ქალაქ ზაპორიჟიის შემოგარენში იმყოფებოდნენ, თუმცა ჰეს-ის ან გადასვლელი ხიდის შეტევა ჯერ არ იყო დაწყებული. დამბას წითელი არმია აკონტროლებდა. 

დოკუმენტალისტების ცნობით, წითელი არმიის უკან დახევა თავიდანვე განიხილებოდა, შესაბამისად მიმდინარეობდა მსჯელობა დამბის აფეთქებაზეც. წყაროების ცნობით, დამბის აფეთქების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უმაღლესი მთავარსარდალის კაბინეტში მიიღეს. უკვე აგვისტოს დასაწყისში დამბა სრულად დანაღმული იყო. 

აფეთქების ორგანიზება НКВД-ს დაევალა, ოპერაციის შესახებ პირთა ძალიან ვიწრო წრემ იცოდა. 

"აფეთქება უნდა ყოფილიყო ორგანიზებული არამხოლოდ ისე, რომ ხელი შეეშალა გერმანელებისთვის მდინარის გადმოლახვაში, არამედ მიზანი იყო რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალისა და მტრის სამხედრო ტექნიკის განადგურება",- წერს მემუარებში საბჭოთა სახალხო კომისარიატის თავმჯდომარის მოადგილე, მიხაილ პერვუხინი. 

ДнепроГЭС-ის აფეთქება ინჟინერ-პოლკოვნიკ, ბორის ეპოვს და ვიცე-პოლკოვნკის ალექსეი პეტროვსკის დაევალა - ისინი უმაღლესი მთავარსარდლის შტაბს ემორჩილებოდნენ. 

არსებული დოკუმენტების მიხედვით, აფეთქება 1941 წლის 18 აგვისტოს 20:15 წუთზე მოხდა. აფეთქების შედეგად პლატინაში 160 მეტრის სიგრძის ნახვრეტი გაჩნდა. დამბის ჯამური სიგრძე კი 600 მეტრი იყო, შესაბამისად ნგრევა დაგეგმილზე გაცილებით უფრო დიდი იყო. 

"ზაპორიჟიაში ვიყავით, როდესაც ჩვენს ქვევით მიწა დაიძრა, ჰაერი აფეთქების ტალღამ შეარხია",- იხსენებს მემუარებში სამხრეთის ფრონტის მეთაური, ივან ტიულენევი. 

აფეთქების შედეგად წარმოიქმნა უზარმაზარი ტალღა, (5-დან 30-მდე მეტრის სიმაღლის), რომელმაც სწრაფად გადაუარა რეგიონს. ამ დროს დამბის მახლობლად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ლტოლვილებიც და სამხედრო შენაერთებიც, რომლებიც უკან დახევისთვის ემზადებოდნენ. 

არის მრავალი ცნობები, რომ აფეთქებას ახლოს მდებარე კუნძულ ხორტიცაზე დისლოცირებული ასობით საბჭოთა ჯარისკაცი ემსხვერპლა. 

"როდესაც ტალღა წამოვიდა უკვე ღამდებოდა, სად გინდა წახვიდე? ვიღაც ხეზე აძვრა, ვიღაც სახურავზე, ყველა ცდილობდა თავის გადარჩენას, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელი იყო",- იხსენებს მოვლენების თვითმხილველი, ალექსეი დოცენკო. 

რატომ იყო აფეთქება მოულოდნელად ძლიერი? 

ყველაზე მეტად გავრცელებულია მოსაზრება, რომ საბჭოთა სპეცსამსახურებმა აფეთქების ძალა ვერ გათვალეს და ზედმეტი ასაფეთქებელი გამოიყენეს.

"ჩადეს 20 ტონა ტოლის ტიპის ასაფეთქებელი, ფიქრობდნენ, რომ ნახვრეტი დიდი არ იქნებოდა, მაქსიმუმ 35 მეტრი. ასე რომ ყოფილიყო დიდი დანაკარგები არ იქნებოდა. ვერ გათვალეს",- ამბობს ისტორიკოსი, ვალერი მოროკო. 

მემუარებში საბჭოთა კავშირის სახალხო კომისარიატის თავმჯდომარის მოადგილე, მიხაილ პერვუხინი იხსენებს - "საღამოს ცეკაში ვიყავი, სტალინს მოვახსენე, რომ ДнепроГЭС ავაფეთქეთ. მიპასუხა, რომ სწორად მოვიქეცით, რადგანაც ფრონტის ამ მონაკვეთზე გერმანელების წინსვლა შევაჩერეთ."

აფეთქების შემდეგ განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ მისი სიმძლავრე მოულოდნელი იყო სამხედროებისთვისაც. მალევე ცოტა ხნით დააპატიმრეს გამნაღმველებიც, განიხილებოდა გამიზნული დივერსიის შესაძლებლობა. 

მოიპოვება სამხრეთი ფრონტის პოლიტ სამმართველოს უფროსის, მამონტოვის ტელეგრამა, რომელშიც ის ზემდგომ პირ ეპოვისა და პეტროვსკის დაპატიმრების შესახებ აცნობებს. მამონტოვი წერს, რომ ორივე მათგანს სამხედრო ტრიბუნალი გაასამართლებს. 

გარჩევა რამდენიმე დღეს გაგრძელდა, მალევე მოსკოვიდან მოვიდა დირექტივა და გამნაღმველები დედაქალაქში გაიწვიეს. 

ისტორიკოსები ამ დრომდე კამათობენ არსებობდა თუ არა დამბის სწრაფად აფეთქების აუცილებლობა. ისტორიკესების ნაწილი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად და მოუმზადებლად მიიღეს. უკრაინელი ისტორიკოსი, ვალერი კოროლი ამბობს, რომ ეს დანაშაულებრივი ბრძანება იყო, რადგანაც ამის შესახებ მშვიდობიანი მოსახლეობა არავის გაუფრთხილებია. 

რა ვიცით მსხვერპლების შესახებ 

ამ საკითხზე დავა ისტორიკოსებს შორის დღემდე გრძელდება - ზოგი წყაროს ცნობით, აფეთქების შედეგად გამოწვეულ ტალღას 80 ათასი ადამიანი ესმხვერპლა. ამ რიცხვს გადამეტებულად მიიჩნევს უკრაინელი ისტორიკოსების დიდი ნაწილი. 

ზაპორიჟიელი ისტორიკოსის, ვლადიმირ ლინიკოვის მტკიცებით შედეგად 3 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ლინიკოვის თქმით, სწორედ ეს რიცხვი იყო დასახლებული ბერლინის ერთ-ერთ გაზეთში 1942 წლის მარტში. 

"ჩვენ ვერასდროს გავიგებთ მსხვერპლთა ზუსტ რაოდენობას, რადგანაც იმ დროს ამას არავინ ითვლიდა, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 80 ათასი უბრალოდ გამოგონილი რიცხვია",- ამბობს ლინიკოვი რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან საუბარში. 

ისტორიკოსების და მკვლევრების უმრავლესობა ერთ რამეზე თანხმდება - აფეთქებამ მინიმალური ზიანი მიაყენა გერმანიის ჯარებს, რომლებიც იმ დროს მდინარისგან შორს იმყოფებოდნენ და პრაქტიკულად არანაირი დანაკარგი არ ჰქონიათ. 

ნაცისტებმა ზაპორიჟია დამბის აფეთქებიდან დაახლოებით 1 თვეში დაიკავეს. 1942 წლის მარტში გერმანელებმა დამბის კედელში ნახვრეტი ამოავსეს და ახალი ტურბინები დაამონტაჟეს, რის შედეგადაც ДнепроГЭС-ის მუშაობა აღდგა. 

1943 წელს, უკვე წითელი არმიის იერიშის ფონზე დამბა ამჯერად გერმანელებმა ააფეთქეს. გერმანელები ეტაპობრივად ანადგურებდნენ საგზაო ნაწილს, რათა წყლის მასით მოერეცხათ წითელი არმიის მიერ დნეპრზე გადებული პონტონური გადასასვლელები. 

მიღებული დაზიანებების შემდეგ ДнепроГЭС-მა მუშაობა 1947-1950 წლებში აღადგინა, მაშინ ეს მდინარე დნეპრზე აგებული ერთადერთი კაშხალი იყო. 

მსგავსი სიახლეები