როგორ აღმოვჩნდით ჯოჯოხეთში – ეკატერინე კოტრიკაძის ედიტორიალი
რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფაქტობრივად ერთადერთი ოპოზიციური ტელევიზია, ДОЖДЬ იძულებული გახდა დროებით შეეწყვიტა მაუწყებლობა.
"გვჭირდება დრო ამოსუნთქვისთვის, იმისთვის, რომ გავიგოთ როგორ გავაგრძელოთ საქმიანობა",- თქვა გადაწყვეტილების გამოცხადებისას ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა ნატალი სინდეევამ.
ДОЖДЬ და რადიო სადგური эхо москвы, 24 თებერვლის შემდეგ რუსეთში დამდგარი ახალი რეალობის პირველი მსხვერპლები აღმოჩდნენ. ბოლო 48 საათში მათ რიგები ათეულობით ონლაინ გამოცემამ თუ სხვა მედია პროექტმა შეავსო.
რუსეთის დატოვების შესახებ განაცხადა, ДОЖДЬ-ის კიდევ ერთმა წამყვანმა ტიხონ ძიადკომ. გთავაზობთ ДОЖДЬ-ის წამყვანის ეკატერინე კოტრიკაძის ედიტორიალს 2 მარტის ეთერიდან.
ის, რაც ახლა ჩვენ თავს ხდება ეს არის კატასტროფა. როგორ აღმოვჩნდით ამ ჯოჯოხეთში, როგორ მოხდა, რომ ერთი ადამიანი, რომელიც ბირთვულ იარაღს ისე ათამაშებს ხელში როგორც ძვირიანი მანქანის გასაღებს, ეს ადამიანი აპირებს განსაზღვროს ჩემი შვილების, ჩვენი შვილების მომავალი. მან განსაზღვრა ეს მომავალი - მან გადაწყვიტა, რომ ჩვენი შვილების მომავალი რუსეთში ეს არის სიღატაკე, იზოლაცია, გარიყულის სტატუსი და ომი.
რატომ მიდის ომი უკრაინაში?! იმიტომ, რომ ვლადიმირ პუტინს ეს ქვეყანა [უკრაინა] ტოტალურ მორჩილებაში სჭირდება, სჭირდება საკავშირო სახელმწიფოში, საბაჟო კავშირში. ჯამში მას სურს უკრაინა იყოს ისე როგორც ბელარუსთან - მას სურს განკარგავდეს უკრაინას თავისი შეხედულებისამებრ.
ის ფიქრობს, რომ მის სახელს ისტორიაში წერს - როგორც რუსულ მიწათა შემკრების, იაზრებს თუ არა მთელ იმ კოშმარს, რაც ამ "ისტორიული მისიის" შესრულებას გარდაუვლად მოჰყვება. იაზრებს თუ არა ამას ვინმე მის გარემოცვაში, შეუძლიათ თუ არა ამ ადამიანებს, შეუძლია თუ არა ვინმეს მოახდინოს გავლენა პუტინზე?
ჩვენ არ ვიცით პასუხები ამ შეკითხვებზე, შეგვიძლია მხოლოდ ფაქტების კონსტატაცია - ამ დღეებში უამრავი მშვიდობიანი ადამიანი თავს აფარებს, მეტროსა და ბუნკერებს, სარდაფებსა და ბომბსაფარებს. პანიკაში მყოფი მშობლები ცდილობენ ქვეყნიდან გაიყვანონ ბავშვები, კაცები იარაღდებიან.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, ვლადიმირ პუტინმა სპეციალური საომარი ოპერაცია უწოდა. რატომ არ გამოაცხადა ომი, რა საჭიროა ეს თვალთმაქცობა? აქ ჩვენ მივედით მთავართან - რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყება ეს არის სიყალბის ისტორია, რომელიც ჯერ სიცრუედ, შემდეგ დიდ ტყუილად, შემდეგ საზარელ ტყუილად, სახელმწიფო პოლიტიკად და ბოლოს მთელი სახელმწიფოების ბედი გახდა.
ტყუილია ყველგან - პირველ რიგში ისტორიის ინტერპრეტაციაში, რომელსაც პუტინი სიმართლედ ასაღებს.
2014 წელს პუტინმა ცოცხლად იხილა მისი ღამის კოშმარი - უკრაინაში თავისუფალი ადამიანები, რომლებიც მშიშარა პრეზიდენტმა მოატყუა გამოვიდნენ ქუჩაში მოთხოვნით ხელი მოეწერათ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. მაიდანმა, მით უფრო ევრო-მაიდანმა შეცვალა უკრაინის ხელისუფლება და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი. მაშინ მოსკოვში დაიბადა ისეთი ტყუილები როგორებიცაა კიევის ხუნტა, ბანდეროველები და უკრაინელი შურისმაძიებლები.
რუსეთმა შემოიერთა ყირიმი, რომელიც საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით იყო და რჩება უკრაინის ტერიტორიად. ჩვენ გვატყუებდნენ ადგილზე რუსი სამხედროების ყოფნის, უფრო სწორად არყოფნის შესახებ.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს მწვანე კაცუნები ჩვენები არიან, რუსები. შედეგად "ზრდილი ადამიანების" მიმს ფეხი აუბა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ასევე მათმა პროპაგანდისტებმა.
შემდეგ იყო დონბასი, სადაც ოფიციალური ვერსიით ჩვენ არ ვყოფილვართ. ამ დღეებში ბოტების, პროპაგანდისტების და ჩინოვნიკების სახელმძღვანელო მოიცავს აუცილებელ შეცხადებას - სად იყავით ამ 8 წლის განმავლობაში, თითქოს ყველამ დაივიწყა როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.
დონბასური სეპარატიზმს, რომელსაც ჰქონდა თავისი შიდა მიზეზები, რუსეთი წლების განმავლობაში უჭერდა მხარს, ჯერ კიდევ ყოველგვარ მაიდნებამდე. ხოლო როდესაც ეს ტალღა აგორდა, ზუსტადაც რუსეთი გახდა ამ დონბასელი სეპარატისტების სპონსორი, შთამაგონებელი და როგორც კრემლში უყვართ ამის თქმა - პატრონი.
ზუსტადაც რუსეთი, რომელსაც ჩეჩნეთის ტრაგიკული გამოცდილება აქვს, რუსეთი, რომელიც მუდმივად დეკლარირებს სუვერენულ საქმეებში ჩარევის დაუშვებლობას, ზუსტად ამ რუსეთმა ღიად, სიტყვით და საქმით მხარი დაუჭირა სამოქალაქო ომს, როგორც ითვლება ერებს შორის ყველაზე ახლობელი ერის ტერიტორიაზე.
ადამიანი, რომელიც შეიარაღებული შევიდა უკრაინის ტერიტორიაზე და დაიკავა ქალაქი სლავიანსკი იყო ვინმე იგორ სტრელკოვი, იგივე გირკინი. რუსეთის მოქალაქე და ყოფილი თუ ასეთი არსებობს ФСБ-ს თანამშრომელი.
მან [გირკინმა] შეკრიბა და შეაიარაღა მთელი დაჯგუფება რუსეთის ტერიტორიაზე, იმ რუსეთის, სადაც აპატიმრებენ ტყვიაწამლის და თამაშში ბავშვების მიმოწერის გამო. გირკინს მხარს უჭერდნენ უმაღლეს დონეზე. გირკინს რუსეთიდან დონბასში გაჰყვნენ მებრძოლები, რომლებიც მათი თქმით, რუსულ სამყაროს იცავდნენ. როგორც აღმოჩნდა ეს მებრძოლები რუსეთის არმიის ყოფილი და ძალიან დროულად დათხოვნილი სამხედრო პირები იყვნენ.
რა, ვინმე შეეცადა მათ შეჩერებას? მათ დაკავებას ან დაკითხვას? უყენებდნენ ბრალს დაქირავებულ მებრძოლობასა თუ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისთვის? არა. ძალიან ბევრ რეგიონში ღიად მოქმედებდა ამ მებრძოლების შეკრებისა და მობილიზაციის პუნქტები, მაგრამ არამხოლოდ მოხალისეები, დონბასში მიდიოდნენ რუსი სამხედრო მრჩევლები, ინსტრუქტორები, სპეცსამსახურების თანამშრომლები, ჩეჩენი სპეცრაზმელები და რა თქმა უნდა იარაღი. ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში წარმოდგენილი იქნა დონბასის "სახალხო რესპუბლიკებში" რუსული შეიარაღების ყოფნის ასეულობით მტკიცებულება.
ამ დროს კი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიებში სკდებოდნენ იმის მტკიცებით, რომ სამოქალაქო ომში თავგადაკლული აჯანყებულები, სრულიად დამოუკიდებლად აწარმოებდნენ გამათავისუფლებელ ომს კიევთან და მათ მიერ მოწყობილ მხეცობებთან.
რა მხეცობები იკითხავთ თქვენ, აი ბიჭუნა ჯვარზე გააკრეს გახსოვთ? ან კიდევ ეს - სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოგდეს. 2014 წლის ზაფხულში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდება და თითქმის 300 ადამიანის მკვლელობა ეს შეიძლება ითქვას პირველი სერიოზული სიგნალი იყო მსოფლიოსთვის, პირველი, ასე ვთქვათ ზარი იყო, რომელმაც დასავლეთი შეაცბუნა.
როგორც ჩანს საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი დაადგენს რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობას დონბასელი სეპარატისტების მოქმედებაზე. იმ სეპარატისტებზე, რომლებმაც შეცდომით საზარელი დანაშაული ჩაიდინეს, იმ სეპარატისტებზე, რომლებიც მოსკოვის ქმედითი მონაწილეობის გარეშე საერთოდაც არ იარსებებდნენ.
მაგრამ ჩვენთან მომხდარში უკრაინა დაადანაშაულეს, ნუ როგორ დაადანაშაულეს, ჩვენ მოვისმენთ მილიონი სხვადასხვა ვერსია, ერთი-მეორეზე უაზრო - პუტინის მკვლელობის მცდელობიდან, რომელიც თითქოს იმ დროს დონბასის თავზე მიფრინავდა, ამერიკელების მიერ მოწყობილ შეთქმულებამდე.
ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ მოგვიშვირეს ტყუილების უზარმაზარი ნაკადი. მთელი ამ დროის განმავლობაში უკრაინა რუსული ტელევიზიის მთავარ თემად რჩებოდა. თოქ-შოუებში დუჟმორეულები წყევლიდნენ უკრაინელ ფაშისტებს, შეურაცხყოფდნენ პრეზიდენტებს და დეპუტატებს, მათ, რომლებიც უკრაინაში არჩევნების გზით იცვლებიან.
საბოლოოდ, 2021 წელს გაზაფხულიდან ზამთრამდე, მას შემდეგ რაც მეზობელი ქვეყნის საზღვართან ათეულობით ათასი რუსი სამხედრო აღმოაჩინეს, ჩვენ გვატყუებდნენ ნატოსგან მომავალი, კერძოდ კი აშშ-სგან მომავალი საფრთხის შესახებ.
ზუსტად ამ დროს ამერიკაში მოვიდა ახალი პრეზიდენტი, რომელსაც სულაც არ უნდოდა ეფიქრა პუტინსა და რუსეთზე. ვთქვათ პირდაპირ - ვაშინგტონში მთავარ პრობლემად ჩინეთს მიიჩნევდნენ. კრემლში ასეთი მიდგომა შეურაცხყოფად მიიღეს - თქვენ არ გვიყურებთ სერიოზულად. დღეს უკვე ყველასთვის გასაგებია პეკინი ბავშვია იმ ტიპთან შედარებით, რომელიც ხელში ბირთვულ იარაღს ათამაშებს.
2021 წლის ზაფხულში, ჟენევაში ბაიდენი ვლადიმირ პუტინს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტმა თავისი მთავარი მოწინააღმდეგების სიმტკიცე და სერიოზულობა გამოცადა. როგორც ჩანს კმაყოფილი დარჩა. ისე გამოვიდა, რომ ზუსტად ამ დროს პენსიაზე გავიდა ანგელა მერკელი.
რთულია ვიმსჯელოთ თუ კიდევ რა გარემოებებმა იქონია გავლენა პუტინის გადაწყვეტილებაზე, რა მოტივები ამოძრავებდა იმპერიის აღდგენისა და კიევში ხელისუფლების შეცვლის აშკარა სურვილის გარდა.
ახლა აზრი აქვს მხოლოდ იმას, რომ ვილაპარაკოთ სიმართლე - ომს უკრაინაში, წარმოუდგენელ და საზარელ ომს უკრაინაში თან ახლავს უაზრო ფეიკების და დეზინფორმაციის ნიაღვარი რუსეთის შიგნით.
პროპაგანდისტულმა შენაერთებმა მიიღეს ბრძანება, რომლის მიხედვითაც უნდა დაბომბონ აუდიტორია. ეს ბრძანებებია: 1. მოსკოვი უკრაინაში დაკავებულია დემილიტარიზაციითა და დენაციფიკაციით. ეს ბოლო სიტყვა მიმდინარე ომის ნოუ-ჰაუა, ნაცისტების მოშორება, მათ ენაზე უკრაინის ხელისუფლების შეცვლას ნიშნავს.
არ დავიწყებ იმ მტკიცების უარყოფას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ნაცისტია იმიტომ, რომ სრულიად აუტანელი აბსურდია. აქ არ შემიძლია არ დავამატო, რომ აბსურდის დონე კათარზისის ფაზაში გადავიდა დღეს, როდესაც თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ აგვისტოში დაგეგმილი საერთაშორისო ანტი-ფაშისტური კონგრესის შესახებ გამოაცხადა.
ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა მაქვს - გარემოებების გათვალისწინებით მაინტერესებს ვის ხილვას ფიქრობს შოიგუ ამ საერთაშორისო კონგრესზე - აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ბრაზილიის, რა თქმა უნდა ბელარუსის წარმომადგენლების გარდა, იმიტომ სხვა მეგობრები რუსეთს არ ჰყავს.
რუსეთის ხელისუფლების კიდევ ერთი თეზისი - "კიევი კლავს ადამიანებს, აწარმოებს გენოციდს, რუსეთი კი მათ ვიცავთ, ხოლო ლიბერალები, რომელბიც ომის წინააღმდეგები არიან, მოღალატეები არიან".
მიმდინარე ომის გასამართლებლად, ჩვენ გვთავაზობენ ე.წ. მასობრივი ნამარხების ახალ კადრებს, რომლის ვერიფიკაციაც შეუძლებელია. მაგრამ დავუშვათ რუსეთი ეხმარება დონბასს, რა ჯანდაბად ჭირდება მაშინ ხარკოვი და კიევი, ოდესა და ჩერნიჰოვი. როგორც ჩანს მათ "გასათავისუფლებლად".
და რა თქმა ძველი, გამოცდილი და აუცილებელი გზავნილი - უკრაინა თავის თავს ბომბავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დარტყმები ხორციელდება მხოლოდ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, ხოლო თუ რამე დაუშავდებათ სამოქალაქო პირებს ეს კითხვები კიევისკენ უნდა იყოს მიმართული.
რაც შეეხება დემილიტარიზაციას ეს როგორც ჩანს უკრაინის ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფას და დასავლეთის მიერ გადაცემული შეიარაღების განადგურებას ნიშნავს. ვფიქრობ კიევში ამის განსახილველად მზად არიან, რაზეც ოფიციალური პირების განცხადებებიც მეტყველებს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ პუტინისთვის არ არის საკმარისი ზელენსკის ნებისმიერი დაპირება. ის [პუტინი] გადავიდა იმ სტადიაში, როდესაც ან ყველაფერი ან არაფერი.
როგორ გავაჩეროთ ეს კოშმარი?! დასავლეთი ერთიანი როგორც არასდროს, აშკარად შოკირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა მოსალოდნელი შეჭრის შესახებ, მაინც მიმდინარე მოვლენებმა ყველა გააოგნა. ამ წუთებში ვაშინგტონი და მისი მოკავშირებიის სწრაფად ათანხმებენ ახალ-ახალ სანქციებს. მაგრამ სანქციებით ახლა ვერაფერს შეაჩერებ ამასთან დაკავშირებით აი რისი თქმა მინდა:
2008 წელს, ბუქარესტში ნატოს სამიტზე საქართველოს და უკრაინას უარი უთხრეს გაწევრიანების მოქმედების გეგმაზე, დასავლეთში არ სურდათ პუტინის გაღიზიანება. მაშინ დასავლეთში დაშოშმინების პოლიტიკა დომინირებდა - მოდი ვიმოქმედოთ ფრთხილად, ვიყოთ მოქნილები, წავიდეთ კომპრომისებზე. დასავლეთმა საქართველოში ომი იხილა, ომი რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყო, რაც თბილისს არ მისცეს გაწევრიანების მოქმედების გეგმა.
ომი იყო სწრაფი და თბილისი ძლივს გადაურჩა დაცემას, მაგრამ რადგანაც "უარესი თავიდან ავირიდეთ, რადგან რუსეთმა ისედაც პატარა საქართველოს მხოლოდ ორი რეგიონი მიიერთა" დასავლეთმა შვებით ამოისუნთქა და მომხდარი დაივიწყა. რომ არ გამოვიყენოთ სიტყვა დაიკიდა.
სიტყვები ღრმა შეშფოთებაზე თვალთმაქცობა და ფორმალობა იყო - რა თქმა უნდა იმ დროისთვის პუტინი ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა პირდაპირ საფრთხეს მათთვის და ბრიუსელი, პარიზი, ბერლინი დასაშვებად მიიჩნევდნენ უმოქმედობას.
2014-ში მოხდა ყირიმი და აქ უკვე შეშფოთების დონე გაიზარდა, მაგრამ ჯამურად დასავლეთმა, თავს დააჯერა, რომ მომხდარი პუტინსა და მის მეზობლებს შორის შიდა გარჩევა იყო. მით უფრო, რომ ყირიმის შემოერთებამ სისხლის გარეშე ჩაიარა და ყირიმის მოსახლეობის დიდ ნაწილსაც გულწრფელად ერჩივნა რუსეთში ყოფნა.
დასავლეთში გადაწყვიტეს გვერდით გადაედოთ საერთაშორისო სამართლის დარღვევა, სახიფათო პრეცედენტის შექმნა - მასშტაბი არ აღმოჩნდა საკმარისი, ისევე როგორც დონბასის შემთხვევაში.
დღეს ჩვენ ვხედავთ დასავლეთის ამ უაზრო და უდრტვინველი პოზიციის რეზულტატს. იქ, ვაშინგტონში, ბერლინში, პარიზში რა თქმა უნდა იცოდნენ ამ დეზინფორმაციის გრანდიოზული კონსტრუქციის შესახებ და მიუხედავად ამისა მიზანშეწონილად მიაჩნდათ ამის მოთმენა და უხეიროდ დაგმობა.
ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევდნენ მოლაპარაკებებს, მოსკოვში ჩამოსვლას, ხელის ჩამორთმევას რწმენას, რომ მოვლენები არ განვითარდებოდა უარესი სცენარით. უარესი სცენარით მათთვის, რამდენადაც რუსული გაზი აბათილებდა საპირისპირო არგუმენტებს. ამასთანავე ისინი ვერ ხედავდნენ უშუალო საფრთხეს აშშ-სთვის და ევროპისთვის.
ბოლოს რუსეთის ხელისუფლების კიდევ ერთი ტყუილი ბირთვული იარაღის შესახებ, რომლის შექმნასაც თითქოსდა ეწსრაფვის უკრაინა. ზუსტად ეს თქვა რუსეთის ელჩმა გაეროში ნებენზიამ.
ნებენზიას ეს განცხადება წარმოადგენს აღიარებას რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ პრევენციულ დარტყმაში. ამ განცხადებით ბატონმა ნებენზიამ ხელი მოაწერა იმას, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" ხორციელდება იმიტომ, რომ ხელი შეუშალონ უკრაინაში მოვლენების სამომავლო და შესაძლო განვითარებას. ეს უკვე გამორიცხავს რუსეთის ხელისუფლების კიდევ ერთ მტკიცებას თითქოსდა დონბასში მომხდარი გენოციდის შესახებ.
ესეც რომ არა, განცხადება ბირთვული იარაღისკენ სწრაფვის შესახებ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მათ ბირთვული იარაღი უკვე აქვთ. ეს არც იმას ნიშნავს, რომ ბირთვული სტატუსის აღდგენა სურთ, არამედ იმას რომ ესწრაფვიან აღდგენას. ამავდროულად ნებისმიერი საღ აზრზე მყოფი სამხედრო ექსპერტი გეტყვით, რომ კიევს ბირთვული სტატუსის აღდგენის არანაირი შანსი არა აქვს.
ასეთი სამხედრო ექსპერტები ომის დაწყებამდე გეტყოდნენ იმასაც, რომ განხილვად მომავალში უკრაინას ნატოში გაწევრიანების არანაირი შანსი არ ჰქონდა. ამ გარემოებებს ხელი არ შეუშლია რუსეთის ოფიციალური პირებისა და პროპაგანდისთვის გაუთავებლად ესაუბრათ უკრაინიდან მომავალ საფრთხეზე.
ჩვენს საზღვრებთან მოპარული მტრის, ძირითადად ამერიკელებისგან მომავალი საფრთხის შესახებ დაიჯერა თითქმის ყველამ, მეტიც მათ წარმოიდგინეს და დაუშვეს ეს ყველაფერი, საკმარისი იყო ამ საფრთხის აღმოფხვრა. მაგრამ ცოტა თუ ფიქრობდა, რომ ამ თამაშის შედეგი ფინეთის და შვედეთის მხრიდან ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გადახედვა და ნატოში გაწევრიანებაზე დაფიქრება გახდებოდა.
ამ გაგებით, რაც არ უნდა ყოფილიყო ვლადიმირ პუტინის დასახული მიზნები შედეგები ყველა მიმართულებით ჯერჯერობით სავალალოა. სავალალოა არამხოლოდ მსოფლიოსთვის, ევროპისთვის, უკრაინისთვის, რუსეთისთვის და ჩვენთვის ყველასთვის, არამედ პირადად მისთვის.
მარგარეტ ტეტჩერმა ერთხელ თქვა ყურადღება მიაქციეთ თქვენს აზრებს, რამეთუ ისინი გარდაიქმნებიან სიტყვებში, სიტყვები საქციელებში, ხოლო საქციელები კი ჩვევებში. ფრთხილად იყავით ჩვევებთან, იმიტომ რომ ეს გიყალიბებთ ხასიათს, მოათვინიერეთ თქვენი ხასიათი, რამეთუ ეს იქცევა თქვენ ბედისწერად. რასაც ვფიქრობთ იმად ვიქცევით.