როგორ მოკლეს ისრაელელმა სამხედროებმა ჰამასის ლიდერი იაჰია სინვარი - დეტალები
ისრაელმა ხუთშაბათს ღამით გამოაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ამხედროებმა ჰამასის ლიდერი იაჰია სინვარი მოკლეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებისა და დაზვერვის სამსახურის, შინ ბეთის ცნობით, 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში ჰამასის შეჭრისა და ხოცვა-ჟლეტის არქიტექტორი სინვარი ორ ტერორისტთან ერთად რაფაში, სამხრეთ ღაზაში მოკლეს.
ის არ იყო სპეცოპერაციის სამიზნე და ღაზაში რეიდის შედეგად დაწყებული შეტაკების შედეგად მოკლეს. ისრაელელი სამხედროები მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, რომ სამი მოკლული ტერორისტიდან ერთი აშკარად სინვარი იყო, როცა ხუთშაბათს დილით შეტაკების ადგილი დაათვალიერეს.
საბოლოოდ დნმ-ის და სხვა ტესტების საფუძველზე დადასტურდა, რომ ერთ-ერთი მოკლული ის იყო. მას შემდეგ, რაც სინვარის თითის ნაწილი დაჩქარებული ტესტირებისთვის ამოიღეს, ხოლო მისი ცხედარი ისრაელში გადაიტანეს.
ერთობლივ განცხადებაში IDF-მა და შინ ბეთმა განაცხადეს, რომ ისრაელის სამხედრო მოქმედებებმა თანდათან შეზღუდა სინვარის მოქმედების არეალი, რამაც საბოლოოდ ის სიკვდილამდე მიიყვანა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, 162-ე დივიზია და ღაზას დივიზია მოქმედებდნენ იმ ადგილებში, სადაც დაზვერვამ მიუთითა, რომ ჰამასის მაღალჩინოსნები იმალებოდნენ.
ისრაელელი სამხედროები სინვარის ცხედართან
როგორ მოკლეს იაჰია სინვარი
The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელელ სამხედროებსა და ჰამასის სამ ტერორისტს შორის შეტაკება ოთხშაბათს დაიწყო, როდესაც მებრძოლებმა ღაზაში შენობის პირველ სართულზე მყოფ ჰამასელებს ცეცხლი გაუხსნეს.
ოთხშაბათს, დილის 10:00 საათზე, ბისლამახის ბრიგადის 450-ე ბატალიონის ჯარისკაცმა შენიშნა საეჭვო ფიგურა, რომელიც შედიოდა და გამოდიოდა რაფას თელ სულთანის უბნის შენობაში. მან ბატალიონის მეთაურს აცნობა, რომელმაც სამხედროებს უბრძანა ცეცხლი გაეხსნათ შენობისთვის.
დაახლოებით საღამოს 15:00 საათზე დრონმა შენობიდან სამი ფიგურა დაინახა, რომლებიც სახლიდან სახლში გადასვლას ცდილობდნენ. ორი ფიგურა წინ გადავიდა და მესამეს გზა გაუხსნა.
IDF-მა კვლავ გახსნა ცეცხლი, რის შედეგადაც ტერორისტები დაიჭრენ. ორი შევიდა ერთ კორპუსში, ხოლო მესამე - რომელიც სინვარი აღმოჩნდა - მარტო შევიდა ცალკე შენობაში. IDF-ის ტანკებმა და სხვა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ორივე შენობას.
შემდეგ სინვარი მეორე სართულზე ავიდა. ტანკმა შენობას კიდევ ერთი ჭურვი ესროლა და ქვეითი ოცეული ავიდა. სინვარმა ორი ყუმბარა ისროლა, რომელთაგან ერთი აფეთქდა. ჯარისკაცები უკან დაიხიეს და დრონი შემოფრინდა ოთახის დასაზვერად, რომელმაც დააფიქსირა მამაკაცი, რომელსაც ხელი დაზიანებული და სახე დაფარული ჰქონდა - სინვარი - რომელმაც დრონს ხის ჯოხი ესროლა. მამაკაცს კიდევ ერთი სატანკო ჭურვი ესროლეს.
ხუთშაბათს დილით, შენობის ჩხრეკისას ჯარისკაცებმა შეხედეს მოკლული ტერორისტის სახეს, რომელიც დრონმა შენიშნა და აღმოაჩინეს, რომ ის სინვარს ჰგავდა. სინვართან იმ დროს მძევლები არ იმყოფებოდნენ.
იმავდროულად, ებრაულმა მედიამ გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც ერთ-ერთი ჯარისკაცი მონაწილეობს სინვარის მკვლელობაში. ის ამბობს, რომ IDF-მა შენობას, რომელშიც სინვარი იმყოფებოდა, რაკეტა ესროლა, შემდეგ კი დრონი გაგზავნა, რათა დაედასტურებინა, რომ ის მოკლული იყო. ის ადასტურებს, რომ მათ არ იცოდნენ, რომ ტერორისტი, რომელსაც ისინი უმიზნებდნენ, სინვარი იყო.
შემთხვევის ადგილიდან სურათზე ჩანს, რომ სინვარს იარაღთან ერთად ნაღდი ფული, მენთოსები და პირადობის მოწმობები ჰქონდა.
სინვარი ლიკვიდირებულია იმ ადგილის მახლობლად, სადაც ექვსი მძევალი მოკლეს
ისრაელის მე-12 არხის რეპორტაჟის თანახმად, სინვარი ადრე ექვს მძევლთან ერთად იმალებოდა, რომლებიც 29 აგვისტოს სიკვდილით დასაჯეს ჰამასის ტერორისტებმა და რომელთა ცხედრებიც IDF-მა 31 აგვისტოს იპოვა.
ისრაელი აცხადებს, რომ მათი დახოცვის ბრძანება პირადად სინვარმა გასცა.
ოთხშაბათს შეტაკება იმავე უბანში მოხდა, სადაც ეს ექვსი მძევალი მოკლეს.
ტელევიზიის წყარომ ასევე განაცხადა, რომ IDF-მა შეამოწმა იყო თუ არა ამ ტერიტორიაზე სინვარი. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ იყო, მაგრამ იმ დროს აღმოაჩინეს მინიშნებები, მათ შორის დნმ-ის მტკიცებულებები, რომ სინვარი იმ დაახლოებით იმ უბანში იმყოფებოდა.
მე-12 არხი წერს, რომ სინვარის ცხედარი მაშინვე ისრაელში არ გადაუტანიათ, რადგან ტერიტორია, სადაც ის იპოვეს, დანაღმული იყო და ცხედარს ეცვა სამხედრო ჟილეტი ყუმბარების გადასატანად.
იაჰია სინვარი მის ლიკვიდაციამდე, დრონის მიერ გადაღებული კადრები
იაჰია სინვარი - 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის არქიტექტორი
იაჰია სინვარი 2017 წლიდან ღაზაში ჰამასის ლიდერია, სინვარი იყო 2023 წლის 7 ოქტომბრის, სამხრეთ ისრაელში შეჭრისა და ხოცვა-ჟლეტის არქიტექტორი, რომლის დროსაც ათასობით ტერორისტმა 1200 ადამიანი მოკლა და 251 მძევლად აიყვანა, რამაც ღაზაში მიმდინარე ომი გამოიწვია. (97 მძევალი კვლავ ღაზაში ტყვეობაში რჩება)
სინვარი ჰამასის ლიდერი ივლისში, თეირანში აფეთქების დროს მოკლული ისმაილ ჰანიეს შემდეგ გახდა, როდესაც ის ჰამასის 50 კაციანმა შურამ, საკონსულტაციო ორგანო აირჩია, რომელიც შედგება ჰამასის წევრების მიერ არჩეული ოფიციალური პირებისგან ოთხ მიმართულებით: ღაზა, დასავლეთ სანაპირო, დიასპორა და პატიმრები ისრაელის ციხეებში.
ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი ხან იუნის ლტოლვილთა ბანაკში, სამხრეთ ღაზაში დაიბადა. სინვარი ჰამასს მაშინ შეუერთდა, როდესაც შეიხ აჰმედ იასინმა დაჯუფება დააარსა პალესტინის პირველი ინტიფადის დაწყებისას, 1987 წელს.
სინვარმა ტერორისტული ორგანიზაციის შიდა უსაფრთხოების აპარატი მომდევნო წელს შექმნა და ცდილობდა ისრაელთან კოლაბორაციაში მყოფი პალესტინელების პოვნას.
ისრაელის მედიაში გამოქვეყნებული დაკითხვის ჩანაწერის მიხედვით, სინვარმა - "ხან იუნისის ჯალათი" - აღნიშნა, რომ სავარაუდო კოლაბორაციონის კუფიით დაახრჩო ამ ქალაქის სასაფლაოზე.
ღაზას ისლამური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ისრაელის ციხეებში ყოფნის 23 წლის განმავლობაში სრულყოფილად ისწავლა ივრითი.
ისრაელთან თანამშრომლობისთვის მოკლული ოთხი პალესტინელის მკვლელობისთვის სინვარს ოთხი სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 2011 წელს ის იყო ყველაზე მაღალჩინოსანი ჰამასის პატიმარი, 1027 პალესტინელს შორის, რომლებიც ისრაელმა დატყვევებულ ჯარისკაც გილად შალითში გაცვალა.
ისრაელის ციხეში პატიმრობაში ყოფნისას მას ტვინზე არსებულ სიმსივნე ამოუღეს და სიკვდილს გადაარჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე კვირიანი დუმილის შემდეგ, სინვარმა ახლახან განაახლა კონტაქტი შუამავლებთან მძევლების შესახებ და ცეცხლის შეწყვეტაზე პოტენციურ შეთანხმებაზე.