როუჰანი: შეთანხმებას მალე მივაღწევთ, თუ აშშ პატიოსნად მოიქცევა
ვენაში მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის დასრულების შემდეგ, ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ შეთანხმება შესაძლოა მალე შედგეს, იმ შემთხვევაში, თუ აშშ პატიოსნად მოიქცევა.
როუჰანის განცხადება წინ უძღოდა შეთანხმების ტექსტის პირველადი ვერსიის გამოქვეყნებას, რომელზეც ერთობლივად მუშაობდენენ ამერიკელი, ირანელი და ევროპელი სპეციალისტები.
ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის და რუსეთის დიპლომატები ვენას გუშინ, 20 აპრილს ეწვივნენ. დიპლომატები უნდა გაეცნონ დოკუმენტს, რომელიც ორივე მხარეს ექსპერტთა ჯგუფებმა შეადგინეს.
ამ დროისთვის დიპლომატები ძირითადად ფოკუსირებულები არიან თემებზე, რომელიც ბირთვული შეთანხმების აღდგენის გზაზე მთავარ ბარიერს ქმნიან. ეს საკითხებია აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების ნაწილის გაუქმება და ირანის მიერ შეთანხმებით განსაზღვრულ ლიმიტებთან დაბრუნება.
ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი. მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესი საქმიანად და პოზიტიურად მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოს უდიდესი ნაწილი მხარეებმა მომავალში უნდა გასწიონ.
პრაისის თქმით, აშშ-ს სურს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენა, თუმცა ამისთვის, პირველ რიგში, აუცილებელი იქნება ირანი ამავე შეთანხმებით განსაზღვრულ ლიმიტებს დაუბრუნდეს, რაც ურანის გამდიდრების მაჩვენებლებს ეხება.
ისრაელის სამხედრო დაზვერვის ოფიცრების ინფორმაციით, აშშ სავარაუდოდ 2015 წელს ირანთან გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც ავსტრიის დედაქალაქში აშშ-სა და ირანს შორის 2015 წლის ბირთვულ შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო, ისრაელის ხელისუფლება ღიად გამოთქვამს უკმაყოფილებას. ისრაელის პოლიტიკური ლიდერების თქმით, აშშ არ უნდა დაექვემდებაროს ირანისგან მომდინარე წნეხს და არ უნდა დაუბრუნდეს 2015 წლის შეთანხმებას.
"ჩვენ არ ვართ განწყობილები ოპტიმისტურად, არ გაგვიკვირდება, რომ აშშ-მა უახლოეს კვირებში ხელი მოაწეროს ირანთან შეთანხმებას",- ამბობს საგარეო დაზვერვის ერთ-ერთი ოფიცერი.
მოსალოდნელია, რომ მომავალ კვირებში ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით ჩავლენ ისრაელის პრემიერის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში, მეირ ბენ შაბატი, ისრაელის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელი ავივ კოჩავი, ისრაელის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ტამირ ჰაიმანი და მოსადის დირექტორი იოსი კოენი. მათი ვიზიტის მთავარი თემა ირანის ბირთვული შეთანხმება იქნება, რომელზე სასაუბროდაც ისინი თავიანთ ამერიკელ კოლეგებს შეხვდებიან.