რუბიო: პანამამ უნდა შეამციროს ჩინეთის გავლენა არხის ირგვლივ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პანამის პრეზიდენტს, ხოსე რაულ მულინოს შეხვდა.

რუბიომ მულინოსთან საუბრისას ისაუბრა ჩინეთის მიერ შექმნილ რეგიონული საფრთხეზე და სასწრაფო ცვლილებების საჭიროებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას აშშ-ს მოქმედებით დაემუქრა.

შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი პანამის ხელისუფლებისთვის იმის გარკვევა იყო, რამდენად სერიოზულია პრეზიდენტ ტრამპის მუქარა და როგორი ურთიერთობის პერსპექტივა არსებობს ახალ ადმინისტრაციასთან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ტრამპისთვის პანამის არხზე არსებული ვითარება "მიუღებელია და მყისიერი ცვლილებების არარსებობის შემთხვევაში, ის მოითხოვს ზომების მიღებას, რათა აშშ-მა დაიცვას თავისი უფლებები."

იმავდროულად, მულინომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არხზე სუვერენიტეტი არ არის განხილვის საგანი, მაგრამ მან აშშ-ს შესთავაზა დახმარება იმ მიგრანტების რეპატრიაციაში, რომლებიც აშშ-ში პანამის გავლით მიემგზავრებიან, თუ ამერიკა მათ ფინანსურად დაეხმარება.

პანამის პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებს არსებული შეთანხმების გაფართოება შესთავაზა, რამაც შეიძლება გზა გაუხსნას არაპანამელი მიგრანტების პირდაპირ დეპორტაციას, რომლებიც გადაკვეთენ ჯუნგლებს პანამის სამხრეთ საზღვარზე კოლუმბიასთან.

პანამის ლიდერმა აღნიშნა, რომ გაფართოებულმა შეთანხმებამ შეიძლება პოტენციურად დასაშვები გახადოს ვენესუელიდან, კოლუმბიიდან და ეკვადორიდან მიგრანტების დეპორტაცია.

"ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ მიგრაციის პრობლემაზე, იმის გათვალისწინებით, რომ პანამა არის სატრანზიტო წერტილი," - თქვა მულინომ შეხვედრის შემდეგ.

თანამდებობაზე დაბრუნებისთანავე ტრამპი პანამას დაემუქრა, რომ აღადგენდა პანამის არხზე ამერიკის კონტროლს, რომელიც აშშ-მ მე-20 საუკუნის დასაწყისში ააშენა და პანამას 1977 წლის ხელშეკრულებით გადაეცა. ტრამპი ამტკიცებს, რომ პანამის არხს ჩინეთი მართავს.

ჩინეთმა განაცხადა, რომ არანაირ როლს არ თამაშობს არხის ექსპლუატაციაში და პატივს სცემს პანამის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. პანამის არხს მართავს პანამის არხის ადმინისტრაცია, ავტონომიური სააგენტო, რომელსაც პანამის მთავრობა აკონტროლებს.

ტრამპის მუქარის შემდეგ, მულინომ პანამის გენერალურ მაკონტროლებელს არხის ორივე ბოლოში არსებული საკვანძო პორტების შემოწმება უბრძანა.

ჩინეთის კრიტიკოსმა რუბიომ გასულ კვირას თქვა, რომ პეკინსა და ვაშინგტონს შორის კონფლიქტის შემთხვევაში ჩინეთს შეუძლია გამოიყენოს პორტები არხის დასახურად, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის მარშრუტია ამერიკული გემებისთვის.

პანამის პრეზიდენტმა გამორიცხა არხში გადასახადებსის მნიშვნელოვანი შემცირება ან მისი ამერიკისთვის გადაცემა.

პარასკევს, ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ აუდიტის ჩატარება საკმარისი არ არის და პანამამ "სრულად დაარღვია" ხელშეკრულება.

მსგავსი სიახლეები