რუბიოს რბილი ტონი, ევროპის გაძლიერება და ომის მონა პუტინი - მთავარი მიუნხენიდან

მიუნხენში უსაფრთხოების ყოველწლიური, რიგით 62-ე კონფერენცია დასრულა, რომელიც ტრანსატლინკური თანამეგობრობის მთავარ პოლიტიკურ ფორუმად მიიჩნევა. 

ვითარების არსი: წლევანდელი კონფერენციის არაფორმალური სათაური იყო - "მიმდინარეობს ნგრევა" - ფოკუსში კი დასავლელ მოკავშირეებს შორის არსებული კრიზისი, მწვავე უთანხმოებები და უკრაინაში მიმდინარე ომი იყო. 

  • ღონისძიების მთავარი მოვლენა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს გამოსვლა იყო, რომელმაც გასულ წელს ვიცე-პრეზიდენტ, ვენსის სკანდალური გამოსვლისგან მიღებული შოკის შემდეგ ევროპელ მოკავშირეებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. 

  • ევროპის უმსხვილესი სახელმწიფოების ლიდერები თავიანთ გამოსვლებში ხაზს უსვამდნენ კონტინენტის დამოუკიდებლობის გამყარების და რუსეთთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის მზაობის აუცილებლობას. 

  • უკრაინელმა პრეზიდენტმა მორიგ ჯერზე გააფრთხილა ევროპა რუსეთისგან მომავალი საფრთხეების შესახებ, რომელიც მისი აზრით, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც შენარჩუნდება. 

მარკო რუბიო, რომელიც მიუნხენის კონფერენციის ისტორიაში უმსხვილეს ამერიკულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა კონფერენციის მთავარი სტუმარი გახდა - ყველაზე მეტი გამოხმაურება სწორედ მის გამოსვლას მოჰყვა, რომლის შემრიგებლური ტონიც მკვეთრ კონტრასტში იყო ჯეი დი ვენსის 2025 წლის სიტყვასთან. 

  • მეგობრული ტონის მიუხედავად, მთავარი ამერიკელი დიპლომატის სიტყვა კვლავ შეიცავდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაჟღერებული მიდგომის მთავარ ელემენტებს: მიგრაციისა და ე.წ. მწვანე ენერგეტიკული პოლიტიკის კრიტიკას, ასევე, უკმაყოფილებას საერთაშორისო ფორმატების დომინირებით ქვეყნების ეროვნულ ინტერესებზე.

  • "მიუნხენის სიტყვით რუბიომ განსზაღვრა MAGA-ს (Make America Great Again) საგარეო პოლიტიკა. შინაარსით რუბიოს სიტყვა მიჰყვებოდა ვიცე-პრეზიდენტ ვენსის გამოსვლას იმავე კონფერენციაზე 1 წლის წინ, მაგრამ ტონი შერბილებული, ხოლო რიტორიკა უფრო ელეგანტური იყო. ვენსისგან განსხვავებით, რომლის გამოსვლასაც შოკი მოჰყვა, აუდიტორია რუბიოს მხურვალე აპლოდისმენტებით შეეგება"- წერს გამოცემა Axios. 

  • რუბიომ "საშიში ილუზია" უწოდა ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებულ ინტელექტუალურ პარადიგმას, რომლის მიხედვითაც თავისუფალი ვაჭრობა მსოფლიოს გარშემო პოლიტიკური ტრანსფორმაციებს გამოიწვევდა და მყარ მშვიდობას დაუდებდა საფუძველს. 

  • "ამ საშიშ ილუზიაში ჩვენ მხარი დავუჭირეთ თავისუფალ და შეუზღუდავ ვაჭრობას, მაგრამ ზოგმა ქვეყანამ დაიცვა თავიანთი ეკონომიკა, ისინი ასუბსიდირებდნენ მათ კომპანიებს და ძირს უთხრიდნენ ჩვენ კონკურენტუნარიანობას - ჩვენ დავხურეთ საწარმოები, რაც ჩვენი ქვეყნების დიდი ნაწილის დეინდუსტრიალიზაციით დასრულდა, ჩვენ უარი ვთქვით მილიონობით საშუალო კლასის, მყარ სამუშაო ადგილზე, ჩვენ გადავეცით კონტროლი კრიტიკულად მნიშვნელოვან მომარაგების ჯაჭვებზე როგორც ჩვენს მოკავშირეებს, ასევე მოწინააღმდეგეებსაც"- თქვა რუბიომ. 

  • რუბიომ მწვავედ გააკრიტიკა "მწვანე ენერგიის კულტი" და დასავლური ქვეყნების მიერ თავიანთი თავისთვის დაწესებული შეზღუდვები, "მაშინ, როდესაც ჩვენი მოწინააღმდეგეები არამხოლოდ ავითარებენ ყველა სასარგებლო წიაღისეულს, არამედ აქტიურად იყენებენ ბერკეტად ჩვენს წინააღმდეგ."

  • ვენსის მსგავსად უკომპრომისო იყო რუბიო მასობრივი მიგრაციის საკითხში - "ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ადამიანებისა და მათი რაოდენობის კონტროლი არ არის ქსენოფობიის გამოხატულება, ეს არ არის სიძულვილი, ეს არის ეროვნული სუვერენიტეტის ფუნდამენტური აქტი. და ამ უფლებაზე უარის თქმა, არამხოლოდ ეწინააღმდეგება ხალხის წინაშე აღებულ პასუხისმგებლობას, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენი საზოგადოების ქსოვილს და საერთო ცივილიზაციას"- განაცხადა რუბიომ.  
  • "ძველი მეგობრობის რევიტალიზაცია და განმტკიცება" - რუბიოს სიტყვის     ცენტრალური ნაწილი იყო, რომლის ფარგლებშიც ხაზი გაუსვა ევროპისა და ამერიკის   საერთო წარსულს. 

  • "ჩვენ ერთი ცივილიზაციის ნაწილი ვართ, დასავლური ცივილზაციის. ჩვენ დაკავშირებულები ვართ ყველაზე ღრმა ფასეულობებით, რაც კი შეიძლება სხვადასხვა ერებმა გაიზიარონ, რომელიც იწრთოდა საუკონოვანი საზიარო ისტორიით: ქრისტიანული რწმენა, კულტურა, მემკვიდრეობა, ენა, ნათესაობა და მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გაიღეს საერთო ცივილიზაციისთვის, რომლის მემკვიდრეებიც ვართ"- განაცხადა რუბიომ. 

  • რუბიოს თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპამ და ამერიკამ გაიაზრონ არა ის თუ რის წინააღმდეგ იბრძვიან, არამედ იმის თუ რისთვის იბრძვიან - "არმიები არ იბრძვიან აბსტრაქციებისთვის, არმიები იბრძვიან ხალხისთვის, არმიები იბრძვიან თავიანთი ერებისთვის. არმიები იბრძვიან მათი ერების ცხოვრების წესის დასაცავად და ეს სწორედ ის არის რასაც ჩვენ ვიცავთ: დიდებულ ცივილაზაციას, რომელსაც ყველა მიზეზი აქვს იამაყოს თავისი ისტორიით, იყოს თავდაჯერებული თავის მომავალში და რომლის მიზანია ყოველთვის თვითონ იყოს პატრონი მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ბედისწერისა"- თქვა რუბიომ. 

სტრიქონებს შორის: რუბიოს არ უხსენებია ჩინეთი, თუმცა გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატების დისფუნქციურობას დაუთმო - მისი თქმით, გაერომ ვერ უზრუნველყო ღაზაში ომის დასრულება, ასევე რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო პროცესის დაწყება. 

  • რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ სწორედ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეძლო "მყიფე მშვიდობის" დამყარება ღაზაში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა, "ნარკო-ტერორიზმში ბრალდებული" ნიკოლას მადუროს ჩამოშორება ხელისუფლებიდან და "რადიკალი შიიტი კრელირაკალების" ბირთვული პროგრამის განადგურება. 

  • ამავე გამოსვლაში რუბიომ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით მათთვის უცნობია აპირებს თუ არა რუსეთის ომის დასრულებას. 

  • ანალიტიკოსების შეფასებით, რუბიომ თავის სიტყვაში თანამედროვე ტრამპიზმი ძველი რეიგანისეული სულისკვებით და ტერმინებით გააზავა - "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ არსებულ გამოწვევებს მარტოც გავუმკლავდეთ, ჩვენ გვირჩევნია და ჩვენი სურვილია ეს თქვენთან, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად გავაკეთოთ." 

"გავხადოთ ევროპა კვლავ დიადი"- სწორედ ამ ფრაზით შეიძლება შეფასდეს ევროპის უმსხვილესი სახელმწიფოების ლიდერების გამოსვლის შინაარსი და პათოსი. მათ ხაზი გაუსვეს ამერიკაზე დამოკიდებულების შემცირებისა და თავდაცვისუნარიანობის ზრდის აუცილებლობას. 

  • "ჩვენთვის არავის დაუძალებია ზედამოკიდებულება ამერიკაზე, რომელშიც ბოლო დროს აღმოვჩნდით. ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავეები ამ უმწიფრობაში, მაგრამ ეს მოცემულობა ეტაპობრივად წარსულს ბარდება. ამასთანავე, ჩვენ არ ვამბობთ უარს ნატოზე, ეს ჩვენი ინტერესია ავაშენოთ თვითკმარი ევროპული საყრდენი ალიანსის შიგნით"- განაცხადა გერმანიის კანცლერმა. 

  • გერმანული პრესის შეფასებით, მერცის გამოსვლა საგრძნობლად უფრო კრიტიკული იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, მათ შორის კულტურულ საკითხებზე საუბრისას, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ MAGA კულტურა უცხო და არაორგანულია ევროპის პოლიტიკური სივრცისთვის. 

  • მერცმა ხაზი გაუსვა ევროპის მნიშვნელობას ამერიკისთვის - "დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების ეპოქაში შეერთებული შტატებიც კი არ არის საკმარისად ძლიერი, რომ არსებულ გამოწვევებს მარტო გაუმკლავდეს."

  • გერმანიის კანცლერის თქმით, ნატოს წევრობა კონკურენტული უპირატესობაა, არამხოლოდ ევროპული სახელმწიფოებისთვის, არამედ ამერიკისთვისაც - "მოდით, ერთად განვაახლოთ ტრანსატლანტიკური ნდობა. ჩვენ, ევროპელები ჩვენი მხრიდან ამას უკვე ვაკეთებთ." 

"მძინარე გოლიათი" უწოდა ევროპას თავის გამოსვლაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმა და ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ კონტინენტის ჯამური ეკონომიკის მოცულობა რუსეთისას 10-ჯერ აღემატება.

  • კირ სტარმერის თქმით, უკრაინაზე თავდასხმით რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მიდრეკილია აგრესიისკენ და საჭიროა გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის მზადება - "ყოველ ჯერზე, ლიდერები თვალს ხუჭავდნენ სხვა ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტზე და შეიარაღაბაზე მხოლოდ მაშინ იწყებდნენ ფიქრს, როცა საფრთხე უშუალოდ მათ ქვეყნებს ექმნებოდა, ამჯერად განსხვავებულად უნდა ვიმოქმედოთ." 

  • ბრიტანელი პრემიერის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაშიც რუსეთი კონტინენტისთვის მთავარ საფრთხედ დარჩება და მეტიც, საფრთხე ამის შემდეგ შესაძლოა გაიზარდოს კიდეც. 

  • "ჩვენ უნდა განვავითაროთ უხეში ძალა, იმიტომ, რომ ასეთია დროის მოთხოვნა, ჩვენ უნდა შევქმნათ ამ უხეში ძალის ერთიანი, ევროპული ინდუსტრიული ბაზა"- განაცხადა სტარმერმა. 

რუსეთისგან მომავალ განგრძობით საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება საფრანგეთის პრეზიდენტმაც - მისი თქმით, უკრაინასთან ზავის შემთხვევაშიც ევროპა იძულებული იქნება საქმე იქონიოს "აგრესიულ რუსეთთან, გაბერილი არმიითა და მძლავრი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსით." 

  • მაკრონმა მხარი დაუჭირა მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ პროცესში საჭიროა რუსეთზე წნეხის გაზრდა. 

  • ფრანგი ლიდერის გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის ავტონომიურობის იდეას დაეთმო - "ევროპამ უნდა ისწავლოს, თუ როგორ გახდეს ძლიერი გეოპოლიტიკური მოთამაშე."

  • მაკრონმა, ასევე არაორაზროვნად მიანიშნა, რომ სამხედრო სფეროში ამერიკის უპირობო მხარდაჭერის გათვლა უსაფუძვლოა და საჭიროა ევროპული კონტინენტის დამოუკიდებლობა თავდაცვის ყველა ასპექტში, ტექნოლოგიების ჩათვლით. 

  • საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უკვე დაიწყო კონსულტაციები გერმანიის კანცლერთან ერთიანი ევროპული ბირთვული ქოლგის შესახებ - მოგვიანებით ფრანგი კოლეგის სიტყვები ფრიდრიხ მერცმაც დაადასტურა. 

  • ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი განიხილავენ თუ როგორ გაზარდონ მათი ბირთვული არსენალების როლი ევროპის თავდაცვაში, თუმცა არავინ საუბრობს "ამერიკული ბირთვული ქოლგის ჩანაცვლებაზე." 

"დიდი შეცდომა" უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ევროპული სახელმწიფოების არყოფნას რუსეთთან მოლაპარაკეკების მაგიდაზე - ამ თვალსაზრისით ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა მკვეთრად გამოირჩეოდა რამდენიმე კვირის წინ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე წარმოთქმული სიტყვისგან. 

  • თუ, დავოსში ზელენსკი ევროპელ მოკავშიირების დაუსრულებელი ყოყმანისა და დაგვიანებული გადაწყვეტილებების გამო აკრიტიკებდა, ამჯერად გამოსვლის დიდი ნაწილი ევროპის მიმართ მადლიერებას და ერთობლივ შესაძლებლობებზე საუბარს დაუთმო. 

  • ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებების პროცესში ტრამპის ადმინისტრაცია ხშირად საუბრობს დათმობებზე, თუმცა ეს დათმობები როგორც წესი უკრაინას ეხება. მისი თქმით, უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დათმობა არ იქნება საკმარისი მშვიდობის დასამყარებლად. 

  • მკაფიოდ ჩანდა, რომ უკრაინელი პრეზიდენტი არ განიცდის მოჭარბებულ ოპტიმიზმს სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივებთან დაკავშირებით - მისი თქმით, პუტინი ომზე დამოკიდებულია და მისი შეწყვეტა არ შეუძლია. 

  • "მას (რედ. ვლადიმირ პუტინს) არ შეუძლია წარმოიდგინოს თავისი ცხოვრება ძალაუფლების გარეშე, ან ძალაუფლების შემდეგ. ნორმალური ამბები მას არ აინტერესებს. მას უფრო მეტი კონსულტაციები აქვს პეტრე პირველთან და ეკატირენა მეორესთან, ვიდრე ცოცხალ თანაშემწეებთან. დღეს ის უკრაინაზეა ფოკუსირებული, მაგრამ ის არ მოასვენებს სხვა ევროპულ ქვეყნებს, იმიტომ, რომ მას არ შეუძლია უარი თქვას ომის იდეაზე."

მსგავსი სიახლეები