შოლცი და მაკრონი: უკრაინის დახმარებას 'გაჭიანურებულ' ომშიც გავაგრძელოთ
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას დასავლელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან უკრაინის დახმარება იმ შემთხვევაშიც გააგრძელონ, თუ ომი გაჭიანურდება.
"ვფიქრობ ბრძნული იქნება, თუ ხანგრძლივი ომისთვის მოვემზადებით და ბრძნული იქნება თუ პუტინს ვაჩვენებთ, რომ ჩვენ მზად ვართ უკრაინას გვერდში კიდევ დიდი ხანი დავუჭიროთ მხარი",- განაცხადა ოლაფ შოლცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ომის დასრულების თარიღზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა გადაწყვიტონ და ღიად თქვან, რომ უკრაინის დახმარებას იმდენ ხანს გააგრძელებენ რამდენიც საჭირო იქნება.
მსგავსი გზავნილი გააჟღერა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც - "ვფიქრობ ჩვენ მზად ვართ ომის გაჭიანურებისთვის, როდესაც ამას ვამბობ ცხადია, არ მსურს რომ ომი გაიწელოს. და სწორედ ამიტომ, თუ ჩვენ არ გვსურს, რომ ომი გაჭიანურდეს, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა."
მაკრონმა, ასევე ისაუბრა რუსეთთან მოლაპარაკებების თემაზეც და განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დრო ჯერ არ დამდგარა და ნებისმიერი სანდო მოლაპარაკებების პროცესისთვის აუცილებელი წინაპირობა უკრაინის წარმატებული კონტრიერიში იქნება.
"მხოლოდ უკრაინის წარმატებული კონტრიერიშის შემდეგ იქნება შესაძლებელი სანდო მოლაპარაკებების წარმოება, მოლაპარაკებების, რომლის პირობებსაც უკრაინა და უკრაინელი ხალხი განსაზღვრავს."
კონტექსტი
მიუნხენში მიმდინარე რიგით 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებს ჩართვით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც - უკრაინელმა პრეზიდენტმა მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაზრდა თხოვა. ზელენსკიმ რუსეთთან ომი დავითისა და გოლიათის ბიბლიურ დაპირისპირებას შეადარა და განაცხადა, რომ გოლიათის დამარცხება უკაინას უკვე მიმდინარე წელსვე შეუძლია.