რუმინეთი მოლდოვას €100 მილიონით დაეხმარება
ხუთშაბათს კიშინიოვში ვიზიტის დროს რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკემ მოლდოვის მხარდაჭერის პროგრამის პირველი ტრანშის, 25 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. მოლდოვა ჯამში 100 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ IPN წერს.
თანხის გამოყოფა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან მოლაპარაკებების შემდეგ გამოაცხადა.
ჩუკემ თქვა, რომ რუმინეთის მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს მოლდოვას უპირობო მხარდაჭერას მის ევროპულ გზაზე, ასევე ეკონომიკის გაძლიერებისა, სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების ხელშეწყობას.
"რუმინეთი ყოველთვის დაუჭერს მხარს მოლდოვის რესპუბლიკას, რა უსაფრთხოების გამოწვევებიც არ უნდა იყოს რეგიონში", - განაცხადა რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა.
100 მილიონი ევროს ტექნიკური და ფინანსური დახმარების პროგრამა რუმინეთსა და მოლდოვას შორის პირველად 2010 წელს იყო შეთანხმებული, მაგრამ მოლდოვაში ეკონომიკური კრიზისისა და კორუფციის პრობლემების გამო პროგრამის განხორციელება შეფერხდა.
პროგრამის განხორციელების შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება მხოლოდ 2022 წლის იანვარში გაფორმდა, ხოლო იმავე წლის აპრილში ის რუმინეთის პარლამენტმა დაამტკიცა.