რუმინეთში პრეზიდენტობის კანდიდატი, კალინ ჯორჯესკუ დააკავეს

რუმინეთში დააპატიმრეს პრეზიდენტობის კანდიდატი და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ანულირებული პირველი ტურის გამარჯვებული კალინ ჯორჯესკუ.

ინფორმაციას ამის შესახებ ჯორჯესკუს პრესსამსახური ავრცელებს. 

"ჯორჯესკუ აპირებდა საკუთარი კანდიდატურის ხელახლა დარეგისტრირებას, როდესაც ის დააპატიმრეს და დაკითხვაზე გენერალურ პროკურატურაში გადაიყვანეს. კი მაგრამ, სად არის დემოკრატია, სად არიან ჩვენი პარტნიორები, რომლებიც დემოკრატიას უნდა იცავდნენ"- ნათქვამია პოლიტიკოსის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში. 

რუმინული გამოცემა Mediafax იუწყება, რომ ჯორჯესკუ ფაშისტური ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობისა და კონსტიტუციური წესრიგის გადატრიალების მცდელობის ბრალდებითაა დაკავებული. გარდა ამისა, საუბარი საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაზე. News.ro-ს ცნობით, ჯორჯესკუს გენერალურ პროკურატურაში ბრალდებულის სტატუსით გამოკითხავენ. 

ჯორჯესკუს მხარდამჭერმა პოლიტიკურმა პარტიებმა რუმინეთის გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია დაანონსეს. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯორჯესკუს დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ჩხრეკები ჩატარდა მისი პოლიტიკური გუნდის არაერთ წევრთან. 

ნოემბერში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე ხმათა 22%-ით კალინ ჯორჯესკუ პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან არსებული კითხვების ფონზე რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგების განულების გადაწყვეტილება მიიღო. 

არსებობდა ვარაუდი, რომ ჯორჯესკუს კამპანია ტიკ-ტოკზე რუსეთიდან ფინანსდებოდა, თუმცა რუმინეთის საგადასახადო სამსახურმა ამის მტკიცებულებები ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინა. 

ახალ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური რუმინეტში 4 მაისს უნდა გაიმართოს, ხოლო მეორე ტური 18 მაისს. 

 

მსგავსი სიახლეები