რუსები ირანული ‘დრონების’ სამართავად წვრთნებს გადიან - CNN

ვაშინგტონში ვარაუდოებენ, რომ რუსმა სამხედროებმა ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოსაყენებლად წვრთნები დაიწყეს.

CNN-ის წყაროს თანახმად, ეს მიუთითებს, რომ რუსეთი ირანისგან შეიარაღებული „დრონების“ შესყიდვას აპირებს.

სატელიტური ფოტოებიდან ირკვევა, რომ ივნისის შემდეგ რუსეთის სამხედრო დელეგაცია ცენტრალურ ირანში მდებარე კაშანის აეროდრომს სულ მცირე ორჯერ ეწვია.

წყაროს ინფორმაციით, მოსკოვი ირანული წარმოების შაჰიდ-191 და შაჰიდ-129 მოდელის „დრონების“ შეძენას აპირებს. აღნიშნულ მოდელებს მართვადი რაკეტების გადატანა შეუძლიათ.

ირანმა უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივი წარმოება 2012 წლის ბოლოდან დაიწყო, როცა მათ ამერიკული RQ-170 Sentinel „დრონი“ ჩაიგდეს ხელში.

გავრცელებული ცნობებით, ირანი საკუთარი წარმოების საფრენი აპარატებით რეგიონში მოქმედ სხვადასხვა დაჯგუფებებს ამარაგებს - მათ შორის, იემენელ ჰუსიტებს.

გასულ თვეში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ირანი რუსეთისთვის ასეულობით „დრონის“ მიყიდვას გეგმავს.

სავარაუდოდ, შეიარაღების შესყიდვის საკითხი გასულ თვეში ვლადიმირ პუტინის თეირანში ვიზიტის ფარგლებში განიხილეს.

მსგავსი სიახლეები